„იმ ადგილიდან 64 კილომეტრში, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, რუსული ტანკები სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი და დღეს რუსეთი აგრძელებს ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპირებას", - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწის ოკუპაციას. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას ამერიკა არასდროს, არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი", - განაცხადა მაიკ პენსმა.
პრემიერმა კვირიკაშვილმა ვიცე-პრეზიდენტს თეთრ სახლში მასპინძლობისა და მისგან და პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისა და სუვერენიტეტის საკითხებში, ისევე როგორც ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ამერიკის როლი გადამწყვეტი იყო.
„ამერიკის მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველო აღარ არის არც საბჭოთა და არც პოსტ-საბჭოთა ტიპის ქვეყანა. ამჟამად ჩვენ ვართ ევროპული დემოკრატიის მქონე, ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო. ქართველი ხალხი აფასებს ამერიკელთა მეგობრობასა და ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციისას და დასძინა: „ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად“.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა გაიმეორა ესტონეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება:
"ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მე აქ ერთი მარტივი გზავნილით გამომიშვა: ჩვენ თქვენთან, თქვენს გვერდით ვართ, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით თქვენს ქვეყანასთან. აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავს, „ამერიკა მარტოს“ და ამერიკა კვლავ დგას საქართველოს გვერდით".
ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა, მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სურვილი არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე რაიმე ტიპის კომპრომისის შესაძლებლობას. მან ასევე ისაუბრა გასულ კვირას ამერიკელი კანონმდებლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზეც და თქვა, რომ პრეზიდენტი კანონად ქცეულ სანქციებს აუცილებლად მოაწერს ხელს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამერიკის კონგრესის მსგავსად, გმობენ რუსეთის აგრესიულ და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს:
"პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა, რომელიც თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ პრეზიდენტი და კონგრესი თანხმდებიან რუსეთისადმი მთავარ გზავნილზე: უკეთესი ურთიერთობისა და სანქციების წინაპირობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის მიერ იმ ქმედებების შეცვლა, რომლებიც ამ სანქციების მიზეზი გახდა", - განაცხადა მაიკ პენსმა. მისივე სიტყვებით, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიეთობები გაუმჯობესდება, თუმცა ეს არ შეცვლის ამერიკის ერთგულებას საკუთარი და თავისი პარტნიორების უსაფრთხოების მიმართ, ისევე როგორც "საქართველოს მსგავსი თავისუფლებისმოყვარე ერების მიმართ".
მაიკ პენსმა ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესახებ დასმულ რამდენიმე შეკითხვას მსგავსი პათოსითვე უპასუხა. მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება შტატების მხარდაჭერა და პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და რომ ამის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი საქართველო-ამერიკის ერთობლივი სამხედრო ოპერაციები და მტკიცე პარტნიორობაა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ კონფერენციაზე მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე და გეგმებზეც ისაუბრეს. მაიკ პენსის თქმით, საქართველოს წარმატება, ეკონომიკური გაძლიერება და კეთილდღეობა ტერიტორიული მთლიანობბის აღდგენის ერთ-ერთი საწინდარი იქნება.
ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართველ სამხედროებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო გადაჭარბებითაც კი ასრულებს ნატოს ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებას, დახარჯოს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % თავდაცვის შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რაც "აუცილებლობითაც იყო ნაკარნახევი".
"ჩვენი თანამშრომლობა არცერთ სფეროში არაა იმაზე მტკიცე, ვიდრე მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბრძოლაში. საქართველო ამერიკის მთავარი პარტნიორია. 2004 წლიდან ათასობით ქართველმა იმსახურა ამერიკელთა მხარდამხარ კოსოვოში, ერაყსა თუ ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს გაგზავნილი ავღანეთის მისიაში და 31 ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში. ისინი გმირები არიან. ამერიკელ ხალხს ახსოვს და მუდამ მადლიერებით ემახსოვრება ისინი და მათი ოჯახები", - განაცხადა მაიკ პენსმა.
ვიცე-პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს გზავნილთა შორის იყო მხარდაჭერის ხაზგასმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მაიკ პენსის პირველი ევროპული ტურნე სამ ქვეყანას მოიცავს, რომელთაგან საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფოა.
„მე და პრეზიდენტი ტრამპი მხარს ვუჭერთ ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდება. საუკუნის მეოთხედია ამერიკა გვერდით უდგას საქართველოს და ეს გაგრძელდება ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებშიც, ჩვენ კვლავ თქვენ გვერდით ვიდგებით, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღესაც, როგორც ალიანსის წევრები", - ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვებს, არამედ ქმედებებსაც გულისხმობს.
"როგორც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ განაცხადა, საქართველოს მომავალი დასავლეთია და ჩვენი ძალა ახლა და ყოველთვის იქნება ჩვენს ერთობაში", - ამ სიტყვებით დაასრულა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა.
მაიკ პენსმა საქართველო უკვე დატოვა და მისი ევროპული ტურნე მონტენეგროში დასრულდება.