გუაიდო იმ სამხედროების მხარდაჭერას ითხოვს, ვინც მადუროს წინააღმდეგია

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და თვითგამოცხადებული დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ვენესუელის მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გავიდნენ და მხარი დაუჭირონ სამხედრო ძალების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის, მომხრეა მისი გადაყენების და „ჩვენი თავისუფლების აღდგენის.“

გუაიდომ საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მიმართავს ის ჯარისკაცთა ჯგუფს, საუბრობს რა ოპოზიციონერ ლეოპოლდო ლოპესთან, რომელიც შინა პატიმრობაშია. გუაიდომ განაცხადა, რომ სამხედრო ძალებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და სწორ პოზიციას დაიკავებენ.

ცოტა ხნის შემდეგ, ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა თქვა, რომ მთავრობა დაუპირისპირდა „სახელმწიფო გადატრიალების“ მოსურნე მცირე ჯგუფს სამხედრო ძალებში. თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილები სრულად უჭერს მხარს მადუროს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს.