ამერიკის მთავრობა ისევ დახურვის საფრთხის წინაშეა

კანონმდებლები ფედერალურ ბიუჯეტზე თუ ვერ შეთანხმდნენ, მთავრობამ შეიძლება მუშაობა 1 ოქტომბერს შეწყვიტოს

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


შეერთებული შტატების კონგრესში პარტიებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, ფედერალურ ბიუჯეტზე შეთანხმება არ ხერხდება. სავარაუდოდ, სენატი კვირის ბოლოს დაამტკიცებს კანონპროექტს დროებითი ზომების შესახებ, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ ვარიანტთან სრულ წინააღმდეგობაშია. შეერთებული შტატების მთავრობა ისევ მუშაობის შეჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუკი დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ფედერალურ ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ, მთავრობა სავარაუდოდ, 1 ოქტომბერს დაიხურება.

პარასკევს, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისთვის მიღებული დროებითი ზომების გახანგრძლივებას მისცა ხმა, რომელიც პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილ ჯანდაცვის რეფორმას დაფინანსების გარეშე ტოვებს. რესპუბლიკელი კონგრესმენის, ქეთი მაკმორის როჯერსის თქმით, ეს ნაბიჯი ისევ ამერიკელთა ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდგა.

„პალატამ მთავრობის დახურვის არიდებას მისცა ხმა, ხარჯვის კონტროლს და ადამიანთა დაცვას ისეთი კანონისგან, რომელიც არ იმუშავებს და მათ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება“ - განაცხადა კონგრესმენმა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერ, ჯონ ბეინერსაც გამარჯვებული ხმა ჰქონდა. მისი თქმით, „ამერიკელ ხალხს მთავრობის მუშაობის შეწყვეტა არ სურს და არც ობამას ჯანდაცვის რეფორმა უნდა. პალატამ ხალხს მოუსმინა. ახლა დროა, სენატმაც გაიგოს მისი ხმა“ - აცხადებს სპიკერი ბეინერი.

დემოკრატების მიერ კონტროლირებადი სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჰარი რიდი კი ამბობს, რომ „ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც ობამას ჯანდაცვის რეფორმას სუბსიდირების გარეშე დატოვებს, განწირულია. ეს ყველაფერი მხოლოდ დროის დაკარგვაა და ეს არაერთხელ მითქვამს“.

კანონმდებელთა დემოკრატიული ფრთა კატეგორიულად აცხადებს, რომ ხმას ფედერალური სახსრების განკარგვის მხოლოდ ისეთ კანონპროექტს მისცემს, რომელიც პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილ ჯანდაცვის რეფორმას, ე.წ. „ხელმისაწვდომ ჯანდაცვის აქტს“ დააფინანსებს. მისი მიზანია იმ ამერიკელებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გარანტირება, რომელთაც სამედიცინო მომსახურებაზე ამჟამად ხელი არ მიუწვდება.

„აზრადაც არ გაივლოთ, რომ უკან დავიხევთ. არავითარ შემთხვევაში“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი ჩარლზ შუმერი. დემოკრატ კანონმდებლებს პრეზიდენტ ობამას სრული მხარდაჭერა აქვთ, რომელიც რესპუბლიკელებს ბრალს ეკონომიკური გაჯანსაღების რისკის ქვეშ დაყენებაში დებს.

„ისინი ქვეყანას უკან, რეცესიისკენ ექაჩებიან. და მხოლოდ იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანს ელემენტარულ ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე უარი უთხრან. ეს არ მოხდება! - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

თუკი სენატი ობამას ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსებას დაამტკიცებს, რაც ძალზე რეალურია, ყურადღება ისევ წარმომადგენელთა პალატისკენ გადაინაცვლებს. ამასობაში კი მთავრობის დახურვამდე ძალიან მცირე დრო დარჩება.