მოხალისეები ხანდაზმულ ნიუ იორკელებს ეხმარებიან

დახმარებას თანამოქალაქეებს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა სთავაზობს
ქარიშხალმა „სენდიმ" ნიუ ჯერისისა და ნიუ იორკის შტატების რამდენიმე ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა, მათ შორის ქალაქ ნიუ იორკის ცნობილი უბნები -ბრაიტონ ბიჩი, კონი აილენდი და შიპჰედ ბეი. როგორ ეხმარებიან დაზარალებულ უბნებში მოხალისეები ხანდაზმულებს?

შიპჰედ ბეის მკვიდრმა, დანიელ რუდოიმ ნიუ იორკში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად მოხალისეების შეკრება გადაწყვიტა.

„ვაპირებთ, გავნაწილდეთ თავშესაფარებში, დავუკავშირდეთ ბიზნესების მფლობელებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება.“

მოხალისეების ერთი ნაწილი მაღალსართულიანი შენობის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაზე გაანაწილეს. მობინადრეები ძირითადად ხნიერი ემიგრანტები არიან. ელექტროენერგიის გათიშვის გამო შენობაში უკვე რამდენიმე დღეა, ლიფტი არ მუშაობს და მოხუცები სასმელი წყლის, სურსათისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, წამლების გარეშე არიან დარჩენილნი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ზედა სართულებზე მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებსაც კიბეებზე სიარული არ შეუძლიათ.

„სიტუაცია უაარესობისკენ იცვლება. დღეს ძალიან ცივა. არ ვიცი უშუქობა რამდენ ხანს გასტანს. ეს ხალხი კი სახლებიდან ვერ გამოდის. ეროვნული გვარდიის მოსვლას ველოდებით, რომ ხანდაზმული ადამიანები გარეთ გამოვიყვანოთ.“

უძრავი ქონების მენეჯერი, ტომას ულეტი ამბობს, რომ დახმარებას თანამოქალაქეებს, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა სთავაზობს.

„მე მინდა ეროვნული გვარდია გამოჩნდეს და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოს. სამშაბათიდან ველოდები და მას შემდეგ მეუბნებიან რომ მოდიან. ჯერაც არ მოსულან. ვერც ფედერალური მთავრობისგან ვიღებ დახმარებას და ვერც წითელი ჯვრისგან.“

მოხალისეები ჩაბნელებულ კიბეებზე გადაადგილდებიან და 23-ე სართულის მაცხოვრებლებს დახმარებას სთავაზობენ.

ანა ლეტერმანმა გადაწყვიტა, გარეთ გამოვიდეს, რომ ადამიანების დახმარება შეძლოს. „ჩემი აზრით, ახალგაზრდებს მოგვეთხოვება კიდეც ამ კიბეებზე სიარული და გაჭირვებული ადამიანების დახმარება.“

მე-16 სართულზე კარს ვიღაც აღებს. ბინის მკვიდრი რუსულად საუბრობს. „დაზიანებული ხერხემლის გამო კიბეებზე სიარული უჭირს. ამბობს, რომ ძალიან სცხვენია დახმარების თხოვნა და ევაკუაციაზე კი ამბობს, რომ არ სურს სახლის დატოვება.“

ნიუ იორკის ამ უბანში ელექტროენერგია, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა არ აღდგება. ტემპერატურის კლებასთან ერთად კი ქალაქს მოხალისეების რიგების გაზრდა დასჭირდება.