უთანხმოება ირანის თემაზე

ამერიკელ კანონმდებლებს ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ამერიკა დაპირისპირებულ მხარეებთან შუამავლების გარეშე, პირდაპირი დიალოგის მომხრეა, მათ შორის ირანთანაც კი. შაბათს, გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ობამას ადამინისტრაცია და თეირანი ბირთვული პროგრამების თემაზე ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ შეთანხმდნენ.

საგაზეთო მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საბჭოს სპიკერის თქმით, ამერიკას და ირანს შორის მოლაპარაკების თაობაზე არანაირი შეთანხმება ან განხილვა არ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა მსგავს პირდაპირ მოლაპარაკებას გამორიცხავს, - ნათქვამია განცხადებაში. მაგრამ ამ ეტაპზე ამერიკა მხოლოდ ე.წ. 5+1-თან, ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრთან და გერმანიასთან შეთანმხებით მოქმედებს.

ტელეკომპანია „ფოქსის“ კვირის საინფორმაციო გამოშვებაში დემოკრატმა სენატორმა, რიჩარდ დურბინმა აღნიშნა, რომ წარმატება ირანთან მოლაპარაკებაში და ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის განვითარებაზე უარის თქმა წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა.

თუკი პირდაპირი მოლაპარაკება მშვიდობიან გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს და ირანი ბირთვული იარაღის შექმნის იდეაზე უარს იტყვის, მაშინ მოლაპარაკება საჭიროა. თუკი ჯგუფური შეხვედრა უფრო ნაყოფიერი იქნება, მაშინ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, როგორც ნიკოლას ბერნსმა თქვა, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს თეირანში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შეხვედრაზე და საუბარზე უარის თქმა ჩვენი მხრიდან უგუნურება იქნებოდა. 2013 წელს ომის კედელს შუბლით არ უნდა შევასკდეთ, სანამ ერთხელ მაინც არ დავსხდებით და ირანელებს არ დაველაპარაკებით,“ - აღნიშნა დემოკრატმა სენატორმა.

მსგავს იდეას რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნია, რომ ირანი დიალოგში მხოლოდ იმისთვის ერთვება, რომ დრო მოიგოს და ის ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენოს.

„იმ ოთხი წლის მანძილზე, რაც მათთან ლაპარაკს მოვუნდით, ირანმა ურანის 20-პროცენტიანი გამდიდრება გააოთხმაგა და 80 პროცენტზე აიყვანა. ამაში ლოგიკა უნდა დავინახოთ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ისინი კი - ატომურ ბომბს. ეს უნდა შეწყდეს. ისრაელთან ერთად წითელი ხაზი უნდა დავაწესოთ, სანამ სიტუაცია უკონტროლო გახდება,“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.

„წითელ ხაზში“ სენატორი გულისხმობს იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ირანი პასუხად საომარ მოქმედებას და მათ ატომურ სადგურებზე სამხედრო იერიშს მიიღებს. ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ ლიმიტის დაწესებას დიდი ხანია მოითხოვს, რათა პრობლემის გადაწყვეტის საქმეში და ირანზე ზეწოლაში საერთაშორისო ჩართულობა უზრუნველყოს. ისრაელის ლიდერის პოზიციას შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კანონმდებლები ერთხმად უჭერენ მხარს. ობამას ადმინისტრაცია კი შედარებით ფრთხილობს. ის აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარ ქმედებებს არ გამორიცხავს. მაგრამ ამასთან ერთად, ირანის ბირთვული პროგრამების განვითარების სტადიის დაზუსტებას მოითხოვს.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ახლა ჩიკაგოს მერის, რემ ემანუელის განცხადებით, ადმინისტრაციის პოლიტიკა ირანთან მიმართებაში, ამართლებს.

„მტკიცე ლიდერობის და კოალიციის მშენებლობის პრეზიდენტისეული კურსის წყალობით მიღებულ იქნა უმკაცრესი საერთაშორისო სანქციები, რომელთაც ევროპა სამნახევარი წლის წინ არც კი განიხილავდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ირანის ეკონომიკა დაჩოქებულია,“ - აღნიშნავს ის ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ორპარტიული დაპირისპირება ირანის საკითხებზე განსაკუთრებულ აქტუალურობას ამერიკის პრეზიდენტის არჩევის წინ იღებს. მართალია, ექსპერტების აზრით, ეკონომიკურ პროგრამებს ახალი ლიდერის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება, მაგრამ ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატები ახალ ომში, ამერიკული ელექტორატისთვის ეს საკითხიც არანაკლებ რეზონანსულია.