ამერიკაში რეცესია მოსალოდნელია

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ზედიზედ მესამე კვარტალია, რაც ეკონომიკა იკუმშება
იტალიასა და ესპანეთის მიერ აღებულ კრედიტზე მომსახურების მაღალი საპროცენტო განაკვეთი და საბერძნეთის მთავრობის მიერ ვალის გადაუხდებლობის შესაძლებლობა ევროპის კრიზისის კიდევ უფრო ამძაფრებს.

ეკონომისტების განცხადებით, შეჭირვებაში მყოფი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მზარდი ალბათობა ევროზონის მომავალს საფრთხეს უქმნის, და ეს მოვლენა კერძო ფირმების ნდობის ხარისხსა და ჩინეთიდან თუ ინდოეთიდან კაპიტალდაბანდებებზე უარყოფითად იმოქმედებს.

სწორედ ამიტომ, მოკლე ვადიანი გათვლებით გლობალური ეკონომიკის ზრდა დუნე ტემპით წარიმართება. ამ ვარაუდსვე იზიარებს ნიუ იორკში ბაზირებული ჯერომ ლევის სახელობის ეკონომიკური პროგნოზირების ცენტრის ექსპერტი სრინივას თირუვადანთაი:

„არსებობს რამდენიმე გამოწვევა, და გლობალურმა ეკონომიკამ წელს რეცესიას რომც აუაროს გვერდი, ძალიან რთული იქნება მომავალი ორი-სამი წლის მანძილზე ამ პრობლემების გადალახვა და რეცესიის პრევენცია.“

ესპანეთი ოფიციალურად გახდა მეთორმეტე ევროპული ქვეყანა, რომელიც რეცესიაში აღმოჩნდა. მიმდინარე კვირას დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ზედიზედ მესამე კვარტალია, რაც ეკონომიკა იკუმშება, როცა განმარტების თანახმად, რეცესიის კვალიფიკაციას ორი კვარტალის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური შეკვეცაც ყოფნის.

იზრდება დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი ანალოგიური მოვლენები გერმანიის ეკონომიკის შემთხვევაშიც განმეორდეს.
ევროპა, როგორც ბლოკი, ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისგან შედგება. თირუვადანთაი ამბობს, რომ რყევები ევროიპულ ეკონომიკაში აუცილებლად მოახდენს გავლენას ამერიკის შეერთებულ შტატებზეც.

ამერიკის ეკონომიკა ძალიან მყარად რომ ვითარდებოდეს და იზრდებოდეს, ჩვენ შევძლებდით იმის თქმას, რომ სავაჭრო კავშირებს განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ეკონომიკური წარმატებისთვის. მაგრამ ახლა, როცა ამერიკის ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ევროპაზე ძალიან ვართ დამოკიდებული, და ამიტომ, ევროპაში ზომიერი ეკონომიკური შოკიც კი ჩვენ პრობლემებს შეგვიქმნის.“

ამერიკის ეკონომიკის აქტივობის ბოლო მონაცემები ხვალ გამოქვეყნდება. სასავარაუდოდ ახალი ანგარიში წლის მეორე კვარტალში შეერთებულ შტატებში ეკონომიკის სუსტ ზრდას დააფიქსირებს.

ბევრი ექსპერტი ოპტიმისტურ პროგნოზს არ აკეთებს. პირიქით, რამდენიმე მათგანი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში სრულ მასშტაბიანი რეცესია ამერიკაში რეალურია, განსკაუთრებით კი მაშინ თუ ამერიკელი პოლიტიკოსები დეფიციტის შემცირების და საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების მიზნით დაწყებულ დებატებს კონსენსუსით არ დაასრულებენ.