კლინტონის გლობალური ინიციატივა

ინიციატივა იმგვარი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად , როგორიცაა ქალებზე ძალადობა, განათლების და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის საკითხები.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის გლობალური ინიციატივა, რომელსაც 8 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი სამოქალაქო საზოგადოებაში, სამთავრობო და ბიზნეს-სექტორში ინოვაციების დანერგვას ისახავს მიზნად.

კვირას, ნიუ იორკში, სამდღიანი კონფერენცია დაიწყო, რომელიც ქალთა პრობლემებს, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის საკითხებს ეძღვნება.

კონფერენციას ბილ კლინტონი მასპინძლობს, რომელმაც დიზაინერ ტიმ ბრაუნს გადასცა სიტყვა. ბრაუნის განცხადებით:

„ბიზნესის თანამედროვე მოდელში, მთელი სისტემის მოქმედებაში დიდ როლს ასრულებს დიზაინი.“

ბილ კლინტონის განცხადებით, გლობალური პრობლემები დღეს თვითდინებაზეა მიშვებული და კაცმა არ იცის ვის ხელშია მათი გადაწყვეტა:

„ჩემი აზრით მარტო ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტიციების ჩადება არაფერს შეცვლის, საჭიროა სტრატეგიის დიზაინის შემუშავება.“

კლინტონის გლობალური ინიციატივა იმგვარი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად, როგორიცაა ქალებზე ძალადობა, განათლების და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის საკითხები.

კონფერენციას სიტყვით მიმართა იორდანიის დედოფალმა, რანია ალ-აბდულამ, რომელმაც აღნიშნა, რომ არაბულ სამყაროში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობა. მისი თქმით:

„მომავლის დიზაინის შექმნის დროს, ჩვენ ყური უნდა დავუგდოთ ახალგაზრდებს. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.“

გლობალური ინიციატივის საბჭოში გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, ჯიმ იონგ კიმი შედიან, რომლებსაც ბილ კლინტონმა ხუმრობით კორეული ბლოკი უწოდა.

ჯიმ იონგ კიმმა გასული საუკუნის 60-იანი წლები გაიხსენა, როდესაც კორეის განვითარების იმედი არავის ქონდა. მისი თქმით, სამხრეთ კორეის აღორძინება იმის დასტურია, რომ ყველა ქვეყნას შეუძლია მსგავსი წარმატების მიღწევა.

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებმა კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ მიმდინარე მოვლენებზე, რათა უთანასწორობა, შეუწყნარებლობა და უსამართლობა საბოლოოდ აღმოიფხვრას მთელს მსოფლიოში. მისი თქმით:

„ბიზნესის მესვეურებმა მარტო საკუთარ მოგებაზე კი არ უნდა იზრუნონ, არამედ კაცობრიობის სამსახურში უნდა ჩადგნენ.“

კონფერენიციის მუშაობა ხვალ დასრულდება, რომლის დროსაც ეკონომიკაში ქალთა როლის გაძლიერების, აფრიკაში შექმნილი სიტუაციის და ახალგაზრდობის და გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელებენ.