18 წლიანი კონფლიქტის დასასრული? - აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმება გაფორმდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს 18 წლიანი კონფლიქტის დასრულებას.

ახლა მოლაპარაკებების მეორე ეტაპი ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის წარიმართება, იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება, მომდევნო 14 თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები ავღანეთიდან ჯარებს გაიყვანენ.


შეთანხმების თანახმად, თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიებზე რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება არ უნდა შეიქმნას, დოკუმენტის მიხედვით თალიბანმა ეს პასუხისმგებლობა ხელმოწერით უკვე დაადასტურა. შეთანხმება დოჰაში შედგა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ჯარები ავღანეთში 2001 წლის ოქტომბრიდან იმყოფებიან. მას შემდეგ რაც ალ-ყაიდამ ამერიკაში 11 სექტემბერს ტერორისტული აქტები განახორციელა.