ამერიკული 1990-იანები

ისტორიული ექსკურსი გასული საუკუნის მიწურულს
ამერიკაში გასული საუკუნის 90-იანი წლებს შეგვიძლია მშვიდი პერიოდი ვუწოდოთ. 1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი, რითაც დასრულდა გამალებული შეიარაღების ეპოქა. ამერიკის ეკონომიკაში დასრულდა რეცესია და დაიწყო აყვავების ხანა. შემცირდა ინფლაცია და უმუშევრობა. ახლებული განვითარება დაიწყო მედიცინასა და ტექნოლოგიებში. ინტერნეტი გამოვიდა თავდაცვის სფეროდან და მისი საშუალებით ბევრმა მკვლევარმა და მეცნიერმა დაიწყო ერთმანეთთან ურთიერთობა. ამერიკის მოსახლეობა გაიზარდა 33 მილიონით. საუკუნის დასასრულს ამერიკაში უკვე 280 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაშიც საკმაოდ გაიზარდა ლათინური ამერიკიდან, კარიბის აუზის ქვეყნებიდან და აზიიდან ჩასული იმიგრანტების ხვედრითი წილი.

ამავდროულად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ყოველი მეათე ამერიკელიდან ერთი, უცხოეთში იყო დაბადებული. ასევე, დაიწყო მოსახლეობის დაბერება, რამაც ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯები უფრო გაზარდა. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ჯანდაცვის რეფორმის პირობა დადო. თუმცა, ბოლოს მანაც გაიზიარა წინა პრეზიდენტების ხვედრი, რადგან კონგრესში საკუთარი ინიციატივის გატანა ვერ მოახერხა.

განქორწინების რიცხვი შეერთებულ შტატებში რეკორდულად გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 90-იან წლებში შემცირდა. თუმცა, დაახლოებით ერთი მილიონი ბავშვი ან ერთ მშობელთან ან ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა. 80-იან წლებში მარტოხელა ოჯახების რიცხვმა შეერთებულ შტატებში არსებული ოჯახების 20 პროცენტი შეადგინა. 90-იან წლებში კი, მარტოხელა მშობლების მაჩვენებელმა 24 პროცენტს მიაღწია.

1991 წელს ლოს-ანჯელესში შავკანიან როდნი კინგს პოლიცია სიჩქარის გადაჭარბების გამო გამოედევნა და მის დაპატიმრებას შეეცადა. პოლიციელებმა როდნი კინგი მიწაზე დააგდეს და ხელკეტებით ცემა დაუწყეს. შემთხვევით გადაღებულმა ვიდეომ მთელი ამერიკა მოიარა. თეთრკანიანმა მოსამართლემ პოლიციელების ქმედება გაამართლა და სასამართლოდან გაათავისუფლა. შედეგად, ლოს-ანჯელესი აფროამერიკელთა საპროტესტო გამოსვლებმა და მღელვარებამ მოიცვა.

„თავი აარიდეთ ლოს-ანჯელესის სამხრეთ ცენტრალურ რაიონებში სიარულს. რადგან იქ ჯერ კიდევ ვერ შედის პოლიცია და უამრავი ადამიანი ქვებით, ბოთლებით და ჯოხებითა შეიარაღებული,“ - აცხადებდა ადგილობრვი ტელევიზია.

პოლიციასთან შეტაკებებში დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ბევრი შენობა ხანძრისგან დაიწვა. მომდევნო წელს მოსამართლემ ოთხი პოლიციელიდან ორი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

1990 წელს მეცნიერებმა დაიწყეს ადამიანის გენომის პროექტის განხორციელება. ეს იყო მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კვლევა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გენების აღმოჩენას და გენური სქემის შექმნას ისახავდა მიზნად. ამ პროექტის მეშვეობით მრავალი დაავადების აღმოჩენა და განკურნება გახდა შესაძლებელი. პროექტი 2003 წელს დასრულდა. უკვე 2000 წელს, პრეზიდენტმა კლინტონმა პროექტის სამუშაო ვარიანტის დასრულების შესახებ მოსახლეობას აუწყა.

„ეს იქნება რევოლუცია უამრავი დაავადების დიაგნოსტიკაში, პრევენციასა და მკურნალობაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვუმკურნალოთ ალცაიმერის, პარკინონის, დიაბეტის და სიმსივნმის დაავადებებს,“ - განაცხადა ბილ კლინტონმა.

90-იან წლებში, პერსონალური კომპიუტერები უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. დაიწყო ინტერნეტში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდა. ინტერნეტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა ელექტრონული ფოსტების შექმნა, ასევე, ინფორმაციის მოძიება და ყიდვა-გაყიდვის წარმოება.

2000 წელს ამერიკელებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელიც ქვეყანას ახალ ათასწლეულში შეუძღვა. თუმცა, არჩევნების პროცესმა ბევრი კითხვა წარმოშვა და ამომრჩევლებში უთანხმოება გააძლიერა.