ამერიკა გერმანიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის  

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა გაიზრდება. განცხადება ოსტინმა გერმანიაში ყოფნის დროს გააკეთა. როგორც ამერიკის თავდაცვის მდივანი ამბობს, გერმანიაში უახლოეს პერიოდში დამატებით 500 ამერიკელი სამხედრო ჩავა.

“მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიაში დამატებით 500 სამხედროს განათავსებს. ამერიკელი სამხედდროები მუდმივად განთავსდებიან ვისბადენის რაიონში არსებულ ბაზაზე,“ - ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი, რომელიც მანამდე გერმანელ კოლეგას შეხვდა.

ასევე ნახეთ: აშშ-ის ჯარი გერმანიიდან ბელგიაში, იტალიასა და შავი ზღვის ქვეყნებში გადანაწილდება

ლოიდ ოსტინი განმარტავს, რომ გერმანიაში ამერიკელი სამხედროების ყოფნა მომდინარე საფრთხეებს შეამცირებს და ევროპაში უსაფრთხოებას გაზრდის.

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მიესალმება გერმანია. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გერმანია მოხარულია მიიღოს ამერიკელი სამხედროები.

„ეს არის სოლიდარობის ძალიან ძლიერი სიგნალი და მინდა გულითადი მადლობა გითხრათ. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ გერმანიაში ამერიკელმა სამხედროებმა თავი იგრძნონ ისე, როგორც საკუთარ სახლში,“ - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.

ბერლინში მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, გერმანიას მადლობა გადაუხადა ალიანსის სიმტკიცეში შეტანილი წვლილისთვის. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გერმანიიდან 12 000-მდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის პროცესი დაიწყო. მაშინ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დასავლეთში კრიტიკა მოჰყვა. გერმანიაში ამბობდნენ, რომ ეს ვაშინგტონის არასწორი ნაბიჯი იყო.

Your browser doesn’t support HTML5

ნატოს მინისტერიალის მთავარი გზავნილები

ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება შეცვლა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცება დაიწყო.

ბერლინში ვიზიტის დროს ამერიკის თავდაცვის მდივანს ჟურნალისტებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებაც კითხეს. ამერიკის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ ვაშინგტონი პროექტს არ მიესალმება.

ასევე ნახეთ: მარტო ზღვაში - სანქცირებული „ფორტუნა“

„ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ არ ვართ მომხრე ამ გარიგების. ეს საკითხი ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ დიდ ურთიერთობას ვერ დააზიანებს".

გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მთავარი მხარდამჭერია, მაშინ როცა ვაშინგტონი თვლის, რომ ახალი რუსული გაზსადენი „ცუდია ეროპისთვის და ამერიკისთვის“. ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ამ დრომდე განიხილავს ახალ სანქციების პაკეტს რუსული გაზსადენის შესახებ. ამერიკის სახლემწიფო მდივანს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ.