ამერიკის ადმინისტრაცია სიფრთხილით ეკიდება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის კიდევ ერთ შესაძლო ტესტირებას, რომელიც სავარაუდოდ, ამ კვირაში უნდა მოხდეს.
„იმედი მაქვს ეს არ მოხდება, მაგრამ თუ მაინც ასე იქნება, ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მმართველი რეჟიმის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ“, განაცხადა ამერიკის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, ცივილიზებული მსოფლიო ყურადღებით უნდა მოეკიდოს ფხენიანის მიერ ატომური არსენალის განვითარებას. „ჩვენ არასდროს შევურიგდებით ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარარის ქონას“, ამბობს ჰეილი.
თუმცა ახალი მუქარების მიმართ ამერიკის პრეზიდენტს გაცილებით მკაცრი პასუხი ჰქონდა. კიმ ჩენ უნმა პრეზიდენტ ტრამპის საყურადღებოდ განაცხადა, რომ მას "ბირთვულ ღილაკზე" ხელი ნებისმიერ დროს მიუწვდება.
ტრამპმა პასუხად "ტვიტერზე" შემდეგი განცხადება დაწერა - "მისი გაღატაკებული და დამშეული რეჟიმიდან იქნება ვინმემ უთხრათ, რომ ბირთული ღილაკი მეც მაქვს და ის გაცილებით დიდი და უფრო ძლიერია, თან ჩემი ღილაკი მუშაობს!"
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკა კვლავ მოქმედებისკენ მოუწოდებს ყველა მხარეს და რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ კვლავ "ყველა ვარიანტი განიხილება".