ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კოლუმბიაში, ბოგოტაში მიემზავრება, სადაც ის ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს შეხვდება. პენსი ასევე სიტყვით გამოვა ლიმაში, სადაც ვენესუელაში კრიზისის გაღრმავებაზე ისაუბრებს.
ვიცე-პრეზიდენტი და რეგიონის სხვა ლიდერები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან წასვლის დაჩქარების სტრატეგიაზე ისაუბრებენ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მადუროს დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
პენსის ვიზიტის განმავლობაში ასევე იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ვენესუელაში ჰუმანიტრული ტვირთის შეტანა, რომელიც ამჟამად ბრაზილიასა და კოლუმბიაში საზღვარზეა გაჩერებული. ვითარების დაძაბვასთან ერთად, მადურომ ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა შეაჩერა, რის გამოც, ქვეყანაში სურსათისა და მედიკამენტების მწვავე ნაკლებობაა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს გამოიყენოს “მისი ეკონომიკური და დიპლომატიური ძალა” ვენესუელის საკითხის გადასაჭრელად და მოახდინოს იმის დემონსტრირება, თუ “კონკრეტულად რას ნიშნავს ეს.”