აშშ ჩინეთს მოუწოდებს ჟურნალისტებს ზამთრის ოლიმპიადის გაშუქება არ შეუზღუდოს

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს დაჟინებით მოუწოდა, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ჟურნალისტებს წვდომა და გადაადგილება არ შეუზღუდოს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ვაშინგტონი ჩინეთში არსებულ ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრას გააგრძელებს, იმავდროულად, მათ არ გაუმხელიათ, შეერთებული შტატები ამ თამაშებში მონაწილეობას თუ მიღებს.

ამ კვირაში გაკეთებულ განცხადებაში, პეკინში ბაზირებულმა ჟურნალისტებმა, ჩინეთში ოლიმპიადის გაშუქების „გამჭვირვალობის და სიცხადის არარსებობის“ გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ასევე ნახეთ: უფლებადამცველები პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს ითხოვენ

ჩინეთის უცხოეთის კორესპონდენტთა კლუბმა „ტვიტერის“ შეტყობინებაში თქვა, რომ გასულ წელს, ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადების გაშუქებისას, უცხოეთის პრესის წარმომადგენლები მუდმივად გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული. ჟურნალისტებს არ უშვებდნენ მიმდინარე ჩვეულებრივ ღონისძიებებზე და ჩინეთის სპორტულ ობიექტებზე მისვლის საშუალებას ართმევდნენ.

ადამიანის უფლებების აქტივისტებმა და შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენელმა წევრებმა, ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდეს.