ამერიკაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

სამშენებლო კომპანიებმა სამუშაო ბაზარს 30 ათასი ახალი ადგილი დაუმატეს, მწარმოებლებმა 25 ათასი და პროფესიული და სამენეჯმენტო მომსახურებაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 19 ათასით გაიზარდა.

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ეკონომისტი ფილ სვაგელი ამბობს, რომ მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა მზარდ ტრაექტორიაზე მოძრაობს.

„ჩვენ ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით, მაგრამ არც თუ ისე სწრაფი ტემპით. ეკონომიკის გაუმჯობესება სტაბილურად მიმდინარეობს. ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ არ არის ისეთი ძლიერი, რომ ამერიკელებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს იგრძნონ, მაგრამ მათი შემოსავალი სტაბილურად მატულობს და ახალი სამსახურის შოვნა გაცილებით მარტივია ვიდრე ადრე.“

მიუხედავად დასაქმების მაჩვენებლის მატებისა, უმუშევრობა ქვეყნის მასშტაბით 7.8 პროცენტია.

სვაგელი ამბობს, რომ ამ დროისთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიძლებოდა შექმნილიყო ვაშინგტონში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო. ამ დაპირისპირების პოტენციური შედეგი გადასახადების გაზრდა და საბიუჯეტო დანახარჯების ავტომატური შეკვეცა იყო.

„200, შეიძლება 250 ათასი ახალი სამუსაო ადგილი შექმნილიყო ვაშინგტონში ასეთი პოლიტიკური გაურკვევლობა რომ არ ყოფილიყო,“ აცხადებს სვაგელი.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო ბრძოლა 16 ტრილიონი დოლარის ოდენობის ერონვული ვალის შემცირებასთან დაკავშირებული განხილვები იქნება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი უკვე მიანიშნებს კონგრესში მწვავე დაპირისპირების შესახებ, რომელიც ვალის ზედა ზღვრის გაზრდასთან იქნება დაკავშირებული:

„ჩვენმა მთავრობამ ძალიან დიდი ვალი დაიგროვა. ეკონომიკაში საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები არ იქმნება. ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პრობლემები არ არის.“

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვალის ზედა ზღვარი გაიზარდა, ქვეყანამ ავტომატურად უნდა შეამციროს იგივე რაოდენობის დანახარჯები. პრეზიდენტი ობამა კი აცხადებს, რომ დანახარჯების შემცირება განხილვის თემაც არ იქნება, რადგანაც ის ფინანური ვალდებულებები, რომელიც ამერიკას აქვს აღებული, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

2011 წელს ვალის ზედა ზღვრის განხილვები იმდენად მწვავე იყო და შედეგად ისეთი პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომ ამერიკის კრედიტუნარიანობის რეიტინგი საერთაშორისო დონეზე, ისტორიაში პირველად დაქვეითდა.