აშშ-ის და უკრაინის მთავარ დიპლომატებს შორის, ნატოს სამიტის წინ "მნიშვნელოვანი" სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ--ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადეს, რომ კვირა საღამოს ტელეფონით ისაუბრეს, რათა ამ კვირის ნატოს სამიტი და რუსეთის მიერ დაპყრობილი მიწის გასათავისუფლებელი კიევის კონტრიერიში განეხილათ.

„ამ კვირაში ნატოს სამიტის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან მნიშვნელოვანი მსჯელობა მქონდა,“ თქვა ბლინკენმა „ტვიტერზე“.

ასევე ნახეთ: კიევი ორბანის სამშვიდობო ინიციატივას უარყოფითად გამოეხმაურა

ცალკე განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ორმა მთავარმა დიპლომატმა ასევე „უკრაინის კონტრიერიშის პროგრესზეც“ იმსჯელა.

კულებამ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ სატელოფონი საუბარი, ნატოს სამიტის წინ დეტალების შესაჯერებლად შედგა. სამიტი ვილნიუსში სამშაბათს იწყება.

„ვილნიუსის წინ, სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ნაყოფიერი სატელოფონო საუბარი მქონდა,“ დაწერა კულებამ „ტვიტერზე“. [სამიტამდე] „48 საათი რჩება და ვმუშაობთ, რათა მისი საბოლოო გადაწყვეტილებები გამარჯვება იყოს ყველასთვის: უკრაინისთვის, ნატოსთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის.“

უკრაინა იმედოვნებს, რომ ვილნიუსში მის ნატოს წევრობაზე ნათელ სიგნალს მიიღებს. პარასკევს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ალიანსის ლიდერები იმსჯელებენ, თუ უკრაინამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას.