აშშ სამხედრო გემებს და თვითმფრინავებს ისრაელთან ახლო გადააადგილებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ქვეყნისადმი მხარდაჭერის საჩვენებლად, შეერთებული შტატები, ისრაელთან ახლოს მრავალ სამხედრო გემს და თვითმფრინავს გაგზავნის. ამასთან ერთად, ვაშინგტონს სჯერა, რომ "ჰამასის" სისხლიანი თავდასხმები, შესაძლოა, ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის პოტენციური ნორმალიზების ჩასაშლელად იყო მოტივირებული.

ასევე ნახეთ: ამერიკაში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოსტინმა თქვა, რომ ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელი დაჯგუფების აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელთან ახლო გადასვლის ბრძანება გასცა. დაჯგუფებაში შედის ავიამზიდი, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი კრეისერი და ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ოთხი საესკადრო ნაღმოსანი.

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რეგიონში განლაგებული საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A10 ესკადრილიების გაზრდის მიმართულებით ნაბიჯები გადადგა. მან დაამატა, რომ შეერთებული შტატები ისრაელს საბრძოლო მასალებსაც მიაწვდის.

თეთრი სახლის ცნობით, კვირას პრეზიდენტმა ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის დამატებითი დახმარება უკვე გზაშია და კიდევ უფრო მეტი უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

კვირას, ნიუ-იორკის თაიმს სქვერზე და ვაშინგტონში, თეთრ სახლთან რამდენიმე ათეული პრო-პალესტინელი დემონსტრანტი შეიკრიბა და შეერთებულ შტატების მხრიდან ისრაელის მხადაჭერის წინააღმდეგობას გამოხატავდა. შაბათს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა ასეთი დემონსტრაციების ჩატარების გეგმები დაგმო მათ „მორალთან შეუსაბამო“ უწოდა.

შაბათს, ჰამასის მებრძოლები ისრაელის ქალაქებში შეიჭრნენ და ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი დღე ჰქონდა. კვირას, ისრაელმა ღაზას სექტორში, "ჰამასის" წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა. როგორც იუწყებიან, ორივე მხარეს ასობით ადამიანი დაიღუპა. მიმომხილველთა დაკვირვებით, ძალადობის აღმავლობა, ახლო აღმოსავლეთში ახალი დიდი ომის დაწყების საფრთხეს ქმნის.