შეერთებული შტატები რუსეთის დაზვერვის სამსახურის ათეულობით წარმომადგენელს ქვეყნიდან გააძევებს. ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის ნერვული აგენტით მოწამვლის პასუხად იყო მიღებული.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ამის შესახებ დღეს დილით განაცხადეს და მოსკოვი ამ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
"შეერთებული შტატები დგამს ნაბიჯებს ჩვენი ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მსგავსად, ბრიტანეთის მიწაზე რუსეთის მიერ სამხედრო ხარისხის ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად. რადგან ეს იყო რუსეთის მიერ მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევი ერთ-ერთი ბოლო ქმედება", ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, უგონო მდგომარეობაში, ინგლისის ქალაქ სალისბური ერთ-ერთ პარკში იპოვეს. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამ თავდასხმის საპასუხოდ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს.
რუსეთი უარყოფს ამ თავდასხმასთან ნებისმიერ კავშირს. რუსი დიპლომატების ლონდონიდან გაძევებას კრემლმა იდენტური ნაბიჯით უპასუხა - 23 ბრიტანელ დიპლომატს უფლებამოსილება შეუჩერა და ქვეყნიდან დაითხოვა.