ობამა სათვალთვალო პროგრამის დაცვას ცდილობს

ბარაკ ობამა: ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სატელეფონო მოსმენა და ინტერნეტის მონიტორინგი კანონიერი მოქმედებაა
პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს სამთავრობო სათვალთვალო პროგრამა დაიცვას, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ამერიკელის აზრით, ეს პროგრამა მათ უფლებებს ლახავს.
ორშაბათს სატელევიზიო გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სატელეფონო მოსმენა და ინტერნეტის მონიტორინგი კანონიერი მოქმედებაა:
„დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ თუ თქვენ ამერიკის მოქალაქე ხართ, სააგენტოს არ აქვს უფლება თქვენი სატელეფონო საუბრები მოისმინოს ან ელექტროფოსტა გააკონტროლოს. ეს მათ არ ევალებათ და კანონითაც ეკრძალებათ. მოსმენაზე ორდერს სასამართლო მხოლოდ ფედერალური გამოძიების ბიუროს აძლევს.“
პრეზიდენტი ობამა კრიტიკის ქარცეცხლში ერთი კვირის წინ მოექცა, როდესაც გაზეთებმა გარდიანმა და ვაშინგტონ პოსტმა სამთავრობო სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
პრეზიდენტმა მოუწოდა დაზვერვის პროგრამის შესახებ ყველა დეტალი გააცნონ საზოგადოებას, რათა მომავალში მსგავსი გაუგებრობა არ განმეორდეს.