ამერიკის უზენაესმა სასამართლომ სამშაბათს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სამოგზაურო შეზღუდვას ხუთი მუსლიმი უმრავლესობის მქონე ქვეყნის წინააღმდეგ.
უზენაესმა სასამართლომ, ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ, გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება საიმიგრაციო კანონმდებლობის ფარგლებში შეზღუდოს უცხო ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების საფუძველზე.
გადაწვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ჯონ რობერტსმა გაახმოვანა და თქვა, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც მოგზაურობას ზღუდავს, „პრეზიდენტის ძალაუფლების ფარგლებშია“.
რობერტსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება შეესაბამება 1965 წლის საიმიგრაციო აქტს გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება „ამერიკის ინტერესებისთვის საზიანო იქნებოდა“.
რობერტსის თქმით, მოსარჩელეებმა - ჰავაის შტატმა, ჰავაის მუსლიმთა ასოციაციამ და ჰავაის სამმა მოქალაქემ ვერ მოახერხა იმის ჩვენება, რომ აღნიშნული ბრძანება არღვევს ამერიკის კონსტიტუციის ნორმას.
გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. საიმიგრაციო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, უზენაესი სასამართლო უპირატესობას აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს და დეკემბერში, საქმის ზეპირი განხილვისას, მოსამართლეთა უმეტესობა ამ ტრადიციას იცავდა.
სასამართლოს ლიბერალური პოზიციის მქონე ოთხმა მოსამართლემ გადაწვეტილების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
მოსამართლე სონია სოტომაიორმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწვეტილება „უფრო საზიანოა, გამომდინარე იმ გამოკვეთილი პარალელებიდან, რომელიც აღნიშნულ საქმესა და "კორემაცუ შეერთებული შტატების წინააღდეგ" საქმეს შორის დასაბუთებისას ვხვდებით“. ეს საქმე უზენაესმა სასამართლომ 1944 წელს განიხილა და მხარი დაუჭირა ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ პერლ ჰარბორის თავდასხმის შემდეგ, ამერიკელი იაპონელების ბანაკებში ჩასახლებას.