სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკა დგას საქართველოს გვერდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. ეს პრემიერის რანგში შეერთებულ შტატებში ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. პრესსპიკერმა ნაუერტმა აღნიშნა, რომ ამერიკა დგას საქართველოს გვერდით.

„დღეს, სახელმწიფო მდივანი, [მაიკ] პომპეო საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის სიძლიერე. 10 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, მკვლელობის, მოტაცების და სხვა ფორმებით ძალადობის მიუხედავად, რაც რუსეთის განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ხდება, საქართველო აგრძელებს მისი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას, და ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა ნაუერტმა.

სახელწმიფო დეპარტამენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკა ელის მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, სპიკერმა ნაუერტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"ამერიკა დგას საქართველოს გვერდით. ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი სამხედროების გვერდით მსახურობენ. ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გათვლით [სამხედროების რაოდენობით] მთავარი კონტრიბუტორია. ერთ დღესაც ჩვენ ველით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველო მხარდაჭერას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული მთავრობის გამყარების კუთხით“, - განაცხადა ნაუერტმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ​პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ამერიკასთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

"ჩვენ შევეხეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას. ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც ჩვენ გვაქვს რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთოებები გავაღრმავოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.​

ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.