სახელმწიფო დეპარტამენტი ზიმბაბვეს რეალური ცვლილებებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ზიმბაბვის ლიდერებს მოუწოდებს „რეალური გარდაქმნები“ გაატარონ, რომელიც საშუალებას მისცემს ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ეს მოსახლეობას ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში თავისუფალ არჩევანს მიანიჭებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ზიმბაბვეს მოსახლეობისთვის „რეალური, არსებითი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები“ ცენტრალური საკითხია. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა იქამდე გააკეთა, სანამ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი განაცხადებდა, რომ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა. ამერიკის ნაბიჯები მუგაბეს რეჟიმის ცალკეული ინდივიდების და ორგანიზაციების წინააღმდეგ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს მოიცავს. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები კრძალავს ქვეყნისთვის სამხედრო და არა-ჰუმანიტარულ დახმარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის აფრიკული საკითხების თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, დონალდ იამამოტომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სურს გადადგას ნაბიჯები ზიმბაბვისთვის სანქციების გაუქმების გზაზე, თუმცა ამისთვის ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს, და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ოპოზიციის ჩართულობას.

დღეს, ათასობით ზიმბაბველი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. 93 წლის მუგაბე ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1980 წლიდან მოყოლებული, 37 წლის მანძილზე მართავდა.

გადადგომის თაობაზე დაწერილი განცხადება, რომელიც "ძალაში დაუყოვნებლივ შედის", პარლამენტის სპიკერმა წაიკითხა. მასში მუგაბე ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავისი ხალხის "საკეთილდღეოდ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიზნით" მიიღო.

პარლამენტის სპიკერის სიტყვებს ტაშით და მილოცვებით შეეგება. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მუგაბემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.