შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურას უყარა კენჭი. სენატმა მისი კანდიდატურა ხმის უმრავლესობით 27 ივლისს დაამტკიცა.
დანიგენი კანდიდატად აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაასახელა. აღნიშნულ თანამდებობაზე ის კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.
რობინ დანიგენი კარიერით დიპლომატია და ამ საქმეს 1992 წლიდან ემსახურება. ის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობდა. ამ წლის 2 ივნისამდე მას ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.
დანიგენი ასევე მუშაობდა ავსტრიაში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის გახლდათ ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილეც. სხვადასხვა წლებში რობინ დანიგენს უმსახურია აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
ასევე ნახეთ: რობინ დანიგენი: მჯერა, რომ რუსეთი მტრულ აქტივობებს ახორციელებს საქართველოში