ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ირანი მალე ვერ მიიღებს წვდომას თავის 6 მილიარდ დოლარზე, რომელიც პატიმრების გაცვლის შეთანხმების ნაწილი იყო და ამჟამად კატარის ბანკშია გაჩერებული. ვაშინგტონმა ასევე თქვა, რომ ანგარიშის მთლიანად გაყინვის უფლებას ინარჩუნებს.
ასევე ნახეთ: ირანთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ამერიკელმა პატიმრებმა ირანი დატოვესირანის ფულზე წვდომის საკითხი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი პალესტინური „ჰამასის“ დაჯგუფება 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა, 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლა და მძევლების დიდი რაოდენობა ღაზის სექტორში გადაიყვანა.
თელ-ავივში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ირანს იმ 6 მილიარდ დოლარზე არც წვდომა ჰქონია და არც არაფერი დაუხარჯავს.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხაზინა ფულის ნებისმიერ გახარჯვას ზედამხედველობს, რათა ის მხოლოდ ჰუმანიტარული დანიშნულებით გამოიყენონ.
ხუთშაბათს რამდენიმე ამერიკული მედია საშუალება იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატები და კატარი შეთანხმდნენ, რომ ირანს ფულზე წვდომა შეუჩერონ.