პარასკევს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სანქცირებული პირები რუსეთის ოპოზიციური ლიდერის, ვლადიმირ კარა-მურზას დაპატიმრებაში, სამართლებრივ დევნაში და მისდამი არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ. კარა-მურზა გასულ წელს, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ დააკავეს.
რუსეთმა კარა-მურზა აპრილში დააკავა და „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. ახლა ის დაპატიმრებულია როგორც ეჭვმიტანილი, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. კარა-მურზას ბრალდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 8 დღის შემდეგ მიღებულ კანონს ეფუძნება.
ასევე ნახეთ: ვაცლავ ჰაველის პრემია პატიმარ რუს ოპოზიციონერს გადაეცა„შეერთებული შტატები კვლავ იმეორებს მოწოდებას, კარა-მურზა დაუყოვნებლად და უპირობოდ გაათავისუფლონ და ინარჩუნებს ვალდებულებას უზრუნველყოს, რომ წარუმატებელი იყოს ვლადიმირ პუტინის მცდელობები, კრიტიკოსები გააჩუმოს,“ თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში.
აშშ-ის გლობალური „მაგნიტსკის აქტის“ მიხედვით, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების სამიზნეში სხვებთან ერთად მოხვდნენ: ელენა ანატოლიევნა ლენსკაია, ანდრეი ანდრეევიჩ ზადაჩინი და დანილა იურიევიჩ მიხეევი.
ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ზადაჩინი რუსი სპეციალური გამომძიებელია, რომელმაც კარა-მურზას წინააღმდეგ კრიმინალური საქმის აღძვრა მოითხოვა სიტყვისთვის, რომლითაც კარა-მურზამ არიზონის წარმომადგენელთა პალატას მიმართა.
ლენსკაია არის მოსკოველი მოსამართლე, რომელმაც კარა-მურზას დაკავების ორდერი გასცა და მიხეევი სასამართლოზე წარსდგა როგორც რუსეთის მთავრობის ექსპერტი, რომელმაც სიტყვის ვიდეო ჩანაწერი შეამოწმა და შეადგინა დასკვნა, რომელიც ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ბრალის წაყენების წინაპირობა გახდა.
კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.