ტრამპს და მუნს შორის შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეა იქნება

დღეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის ოფისმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ქვეყნის ლიდერი აპრილში შეერთებულ შტატებს ეწვევა. 10-11 აპრილს, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებზე და ჩიხში შესულ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ისაუბრებს.

ეს ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც თებერვალში, ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი დონის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ვიეტნამში, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შორის რიგით მეორე შეხვედრა, დაგეგმილი ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე დასრულდა. ახლახან ფხენიანი დაიმუქრა, რომ ბირთვულ მოლაპარაკებას დატოვებს.