ამერიკის სამხედრო ლიდერები რუსეთის წამყვან სამხედრო პირებს ჰელსინკიში შეხვდნენ. ოთხშაბათს გამართული პირისპირ შეხვედრა 6 საათს გრძელდებოდა. ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა 2019 წლის შემდეგ.
გენერალი მარკ მილი, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე და გენერალი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი როგორც წესი, შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროებენ და მათი განცხადებებიც მინიმალურ ინფორმაციას აწვდიდა დაინტერესებულ პირებს. ამერიკული მხარის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საუბრის თემა რისკების შემცირება და ოპერაციების დროს კონფრონტაციის ან ინციდენტების თავიდან აცილების გზები იყო.
რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია" კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუბარი სწორედ რისკებს და მათთან გამკლავებას შეეხებოდა.
კონკურენტული ინტერესები ორ ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არაერთხელ ჰქონია, მათ შორის სირიაში. ამჯერად კითხვები განსაკუთრებით ავღანეთთან დაკავშირებით არსებობს, როგორ მოახერხებს ორი ქვეყანა ავღანეთში მუშაობას, ჯერ კიდევ უცნობია.