ანალიტიკოსების აზრით, თურქეთს უჭირს რუსეთსა და ამერიკასთან კავშირის დაბალანსება

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქეთს აღარ აქვს დრო დააბალანსოს ურთიერთობები რუსეთსა და ამერიკას შორის. მოსკოვმა და ვაშინგტონმა ანკარაზე ზეწოლა რუსული S-400 ტიპის რაკეტების გამო გაზარდეს. ამერიკა გარიგებას ეწინააღმდეგება და შეშფოთებას გამოთქვამს უსაფრთხოების საკითხების გამო.

ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ თუ თურქეთი S-400 ტიპის რაკეტებს მიიღებს ეს წინააღმდეგობაში მოვა F-35 საბრძოლო თვითმფრინავებთან, რომელსაც ამერიკა და ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნები ფლობენ. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, ასევე მიიღებს F-35 საბრძოლო თვითმფრინავს 2019 წელს. თუმცა, ამერიკამ უკვე გააფრთხილა თურქეთი, რომ თუ რუსული რაკეტები ქვეყანაში შევა, მაშინ F-35-ის გადაცემა საფრთხის ქვეშ დადგება და შეიძლება სანქციების დაწესებაც მოუწიოთ თურქეთისთვის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვაშინგტონის ეჭვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „ეს ყველაფერი, რომ მართალი იყოს, S-400 უკვე მიაღწევდა F-35 საბრძოლო თვითმფრინავების ტექნოლოგიამდე სირიაში, ბალტიის რეგიონში და ჩრდილოეთითაც“, განაცხადა მინისტრმა ლატვიაში ვიზიტის დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკამ მოსთხოვა თურქეთს გადაედო რუსული რაკეტების მიღება ივლისამდე. თუმცა, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა ისმაილ დემირმა თქვა, რომ რაკეტების ჩატანა ყველაზე ადრე ივნისშია შესაძლებელი. მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ სერიოზული ქვეყანა ვართ, რუსეთთან ჩვენი შეთანხმდება გრძელდება“.

ანკარის წინააღმდეგობა ვაშინგტონთან ემთხვევა მოსკოვის თანხმობას თურქეთის თხოვნაზე შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი სირიაში, იდლიბის მეამბოხე ჯგუფის საკითხზე სამუშაოდ. ითვლება, რომ ეს სამუშაო ჯგუფი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს მეამბოხეებს, რომლებიც რუსეთისა და სირიის მთავრობის დაბომბვის ქვეშ იყვნენ.

„იდლიბის ანკლავში 2 მილიონი ადამიანია, მათ შორის ჯიჰადისტები და მათი ოჯახის წევრები. თურქეთს არ სურს, რომ ამ ადამიანებს გასაქცევად ჰქონდეთ საქმე. იმიტომ, რომ ერთადერთი, სადაც ისინი წავლენ, იქნება თურქეთი. ეს კი თურქეთს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საფრთხეებს მოუტანს “- ამბობს ყოფილი თურქი დიპლომატი აიდან სელჩენი.

რუსეთი და თურქეთი ირანთან ერთად ეგრეთ წოდებული "ასტანის პროცესის" ეგიდით თანამშრომლობენ სირიის სამოქალაქო ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ხოლო ამერიკელი და თურქი დიპლომატები აგრძელებენ მცდელობას გადაჭრან საკვანძო საკითხები, რაც სირიაში დაძაბულობას იწვევს. დიპლომატებს სურთ, შექმნან უსაფრთხო ზონა სირიაში, რათა დაიცვან თურქეთის საზღვარი სირიის ქურთული გასამხედროებული დაჯგუფებისგან (YPG), რომელიც ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

თურქეთის ჩამოშორება დასავლელი პარტნიორებისგან მოსკოვის დიდი ხნის ოცნებაა, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი რუსულ-თურქული გაერთიანება აუცილებლად დაიშლება ისტორიული და რეგიონული ინტერესებისა და მათ შორის კონკურენციის გათვალისწინებით.

„სამწუხაროდ, ანკარა ფიქრობს, რომ მას შეუძლია ათამაშოს რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის წინააღმდეგ. თუმცა, ეს არ გამოვა“-ამბობს პოლიტიკური მეცნიერი ათენის უნივერსიტეტიდან ჩენგიზ აქტარი. „რუსები, ადრე თუ გვიან გაწმენდენ იდლიბს, რომელიც ათასობით ტერორისტითაა სავსე და ეს იქნება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებაში“, ამბობს პროფესორი.