როგორი იქნება ურთიერთობა ამერიკას და რუსეთს შორის?

რუსეთს ახალი, თუმცა ამავე დროს ძველი, და ყველასთვის კარგად ნაცნობი ლიდერი ჰყავს. შეერთებულ შტატებში კი ნოემბერში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელიც ან მეორე ვადით ბარაკ ობამას გაუხანგრძლივებს პრეზიდენტობას, ან კიდევ ქვეყნის გაძღოლის საქმეს რესპუბლიკელ მიტ რომნის ანდობს.

ბევრ სპეციალისტს, მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, რობერტ ლეგვოლდს მიაჩნია, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობა ამჟამად გაყინულია და ეს ფაზა სულ ცოტა, რამდენიმე თვის განმავლობაში გასტანს.

არსებობს ერთგვარი ჩრდილოვანი ლაქები. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამერიკაში პოლიტიკური მოვლენების განვითარება ამჟამად გაურკვეველია. უმთავრესი მიზეზი კი პუტინის რუსეთში უმაღლეს პოსტზე დაბრუნებაა. მას ხომ შეერთებულ შტატებში და მთელ დასავლეთში ნეგატიური იმიჯი აქვს. ეს ყოველივე ორი ქვეყნის ურთიერთობას დიდ დაღს ასვამს“ - აღნიშნავს პროფესორი ლეგვოლდი.

საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას ვლადიმირ პუტინმა გამოკვეთილად ანტიამერიკული რიტორიკა გამოიყენა, რაც მას პრეზიდენტად არჩევაში არაერთხელ გამოადგა. აღნიშნულ ტაქტიკას არ შეიძლება უარყოფითი შედეგები არ მოჰყვეს, აცხადებს ბატონი ლეგვოლდი.

ეს ჩვენი პოლიტიკური გარემოს გამოძახილია. მყარდება აზრი, რომ რუსეთში ანტი-ამერიკული განწყობებია, ან არავინ ცდილობს კონსტრუქციული იყოს. თუკი ყველაფერი მხოლოდ საარჩევნო კამპანიის სტრატეგია იყო, მაშინ მისი პოლიტიკა ახლომხედველობით შემოიფარგლება, რადგან მათ, ან ჩვენ ყველას, საფასურის გადახდა მოგვიწევს“.

კოლეგის აზრს სტეფან კოენი, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორიც იზიარებს. ოღონდ იმასაც უსვამს ხაზს, რომ აღნიშნული ანტი-რუსული რიტორიკა არც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიისთვის არის უცხო.

მიტ რომნი აცხადებს, რომ რუსეთი ამერიკის ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია, რასაც ფაქტობრივ სიმართლესთან არანაირი კავშირი აქვს. ამაზე ხომ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია, არათუ მოსკოვისთვის მისი მოსმენა. მსგავსი განცხადებები ძალზე სერიოზულად აღიქმება. რუსებისთვის ეს ნიშნავს, რომ ამერიკისგან კარგს არაფერს უნდა ელოდნენ - ის არ იქნება პარტნიორი ქვეყანა, არც საერთაშორისო ხელშეკრულებებს სცემს პატივს და არც დათმობებზე წავა. პუტინი ხელისუფლებაში მოდის და ფიქრობს: რომნიმ ასე განაცხადა და ის პრეზიდენტი ჯერ არ არის. მაგრამ არის თუ არა ეს მხოლოდ ერთი კანდიდატის მოსაზრება“ - აღნიშნავს ბატონი კოენი.

ანალიტიკოსების საერთო აზრით, ამერიკელთა მხრიდან მსგავსი უკომპრომისო გამონათქვამები რუსეთის მიერ ანალოგიური განცხადებების გაკეთებას იწევევს და პირიქით.

პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საგარეო პოლიტიკას საძირკველად დაუდო. ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარმა ეგრედ წოდებულმა „გადატვირთვამ“ შეერთებულ შტატებს რამდენიმე საკითხში მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. ეს იყო მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ პუტინთან მიღწეული შეთანხმებები შეიარაღების კონტროლზე, რაც ხელშეკრულებით დამთავრდა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ავღანეთთან და ირანთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე პროფესორ ლეგვოლდს მიაჩნია, რომ პუტინის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია რუსეთისგან იგივე საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას ელის.

ამ მოლოდინს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ყველა იმ შეთანხმების უკან, რაც მედვედევის პრეზიდენტობის ხანაში გაკეთდა, პუტინის თანხმობაც იდგა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მედვედევი პუტინის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას კი არა, მის გარეშე არცერთ ხელშეკრულებას აწერდა ხელს. მით უმეტეს ეს არ მოხდებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ხელმოწერა შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებაზე და შეთანხმებები ავღანეთში სატრანზიტო გზების გახსნის, თუ ირანის სანქციების თაობაზე. ამ საკითხებზე, ლიბიის და სირიის პრობლემების გამოკლებით, ჩამოყალიბდა აზრი, რომ პუტინთან საერთო ენა გამონახულია“ - აღნიშნავს პროფესორი.

ასეა თუ ისე, ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის უერთიერთობამ წლების მანძილზე ევოლუცია განიცადა და იმ დონემდე მივიდა, რომ დაძაბულობებით სავსე ცივი ომის პერიოდის დადგომა უახლოეს მომავალში პრაქტიკულად გამორიცხულია.