ამერიკამ და ნატომ რუსეთს წერილობითი პასუხი გაუგზავნეს

ამერიკამ და ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მოსკოვს მის ულტიმატუმებზე წერილობითი პასუხი გაუგზავნა. მოსკოვი ბოლო დროის მოლაპარაკებების განმავლობაში საკუთარ მოთხოვნებზე აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების შემცირებისა და იმის შესახებ, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატოს წევრი, დასავლეთისგან პასუხს წერილობითი სახით ითხოვდა. კრემლი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრა იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ნატოსგან შექმნილი საფრთხისგან თავის დაცვა სჭირდება.

ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ეს პასუხი არ მოიცავს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ პოზიციას ან დაპირებას. სახელმწიფო მდივნისა და მისი რუსი კოლეგის თანახმად, ამერიკის ელჩმა ჯონ სალივანმა ამერიკის წერილობითი პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირადად ჩააბარა. რუსეთის საგარეო უწყობა ადასტურებს, რომ სალივანმა წერილი მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ გრუშკოს გადასცა.

„ამერიკის პასუხი მოიაზრებს სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუკი რუსეთი მას აირჩევს“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ სავარაუდოდ რუს კოლეგასთან საუბარი შედგება მას შემდეგ, რაც რუსული მხარე ამერიკის პასუხებს გაეცნობა და სამომავლო ნაბიჯების განსახილველად მზად იქნება.

დოკუმენტი ბლინკენის თქმით, გულისხმობს ორმხრივ გამჭვირვალობას უკრაინაში ძალების განთავსების შესახებ, ასევე ევროპაში სამხედრო წვრთნებისა და მანევრების და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხების თაობაზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ ამგვარი შეთავაზებები აქამდეც გააკეთა და ბლინკენის თქმით, ეს წერილი სწორედ აქამდე საჯაროდ გაცხადებულ პოზიციებს იმეორებს. ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ მისი პასუხი დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ წერილობითი პასუხი კრემლს ალიანსმაც გაუგზავნა. იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ამერიკის მსგავსად, მისი შეთავაზებებიც იარაღის კონტროლისა და სამხედრო წვრთნების საკითხებზე მეტ გამჭვირვალობას და მათი უზრუნველყოფის მექანიზმებს შეეხება. „პოლიტიკური გამოსავლის ნახვა კვლავ შესაძლებელია. მაგრამ რუსეთი ამ პროცესში უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამ პროცესების პარალელურად, ნატო აძლიერებს სამხედრო მზაობასაც. მზადაა 5 000 წევრიანი სწრაფი რეაგირების დანაყოფი, რომელსაც ამჟამად საფრანგეთი მეთაურობს და რომელსაც სწრაფად შეეძლება ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს დასაცავად ამოქმედება. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია და რუსეთ-ბელარუსის ძალების თითქოსდა წვრთნების მოტივით გაერთიანება და ამავე დროს ისეთი საჰაერო სარაკეტო სისტემების მობილიზება, როგორიც ეს-400-ებია, დასავლეთს უკიდურესად აშფოთებს.

ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს თავისი პასუხის საჯაროდ გამოქვეყნებას და ბლინკენის თქმით, ამერიკა იმედოვნებს, რომ კრემლიც მსგავს მიდგომას გამოიყენებს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მოსკოვმა საპასუხო შეთავაზებები სრულად ან ნაწილობრივ გაასაჯაროოს.

ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ როგორი გზაც უნდა აირჩიოს რუსეთმა - დიპლომატია-დიალოგის თუ აგრესიის, ამერიკა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.