ამერიკული ესპანურენოვანი მაუწყებლის, "იუნივიზიის" ერთ-ერთი წამყვანი ტელეჟურნალისტი ხორხე რამოსი ამბობს, რომ ის ვენესუელაში რამდენიმე საათით დააკავეს. წარმოშობით მექსიკელი ჟურნალისტი გადამღებ ჯგუფთან ერთად მას შემდეგ დააკავეს, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ "იუნივიზიასთან" ინტერვიუ მოულოდნელად შეწყვიტა.
ხორხე რამოსის მონათხრობის მიხედვით, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ინტერვიუ მადურომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ჟურნალისტმა ქვეყნის ლიდერს ვენესუელაში უკიდურესი გაჭირვების ამსახველი ვიდეოები უჩვენა და ამასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. ვიდეოზე ვენესუელელები საჭმელს ნაგვის მანქანიდან იღებდნენ და ჭამდნენ.
"იუნივიზიის" გადამღები ჯგუფი პრეზიდენტის სასახლეში დაახლოებით 2 საათი დააკავეს. ისინი უსაფრთხოების ძალებმა გაჩხრიკეს და ჩამოართვეს ყველანაირი სატელევიზიო ტექნიკა. მათ არც პირადი მობილური ტელეფონები დაუბრუნეს. ჯგუფს აცნობეს, რომ სამშაბათს მათი დეპორტაცია განხორციელდებოდა.
ვენესუელის ინფორმაციის მინისტრი ხორხე როდრიგესი ვეტერანი ამერიკელი ჟურნალისტის მონაყოლს უარყოფს. მისი თქმით, ეს ყოველივე მომხდარის არასწორი ინტერპრეტაციაა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად დადგმულ "იაფფასიან შოუს" წარმოადგენს.
ხორხე რამოსს ამერიკაში პირდაპირი და პრინციპული ჟურნალისტის რეპუტაცია აქვს. 2015 წელს მას ამერიკის ყველა წამყვანი მედია აჩვენებდა, მას შემდეგ, რაც რამოსი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დასმული კითხვის გამო, დარბაზიდან გააძევებინა. ჟურნალისტმა კითხვა ტრამპს ანტისაიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვა.