ვაშინგტონმა ირანის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები განაახლა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობის ინდუსტრიის და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ გადაწვეტილებით, 2015 წლის ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით თეირანისთვის მინიჭებული შემსუბუქებული პირობები უქმდება.

სანქციები ირანზე ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად და ის კრძალავს თეირანისგან ნავთობის შესყიდვას. ნავთობწარმოება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

სანქციები წესდება ასევე ირანის ცენტრალური ბანკის და ქვეყნის გემმშენებლობის ინდუსტრის წინააღმდეგ. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ორშაბათს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი სანქციებს "დაარღვევს" და გააგრძელებს ნავთობის ექსპორტს. პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გადაწვეტილების მიზანია, თეირანმა „დესტრუქციული ქცევა“ შეწყვიტოს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება მაისში დატოვა. ვაშინგტონი თეირანს შეთანხმების დარღვევაში სდებდა ბრალს.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუვების მიუხედავად, ირანი აგრძელებდა ბირთვულ იარაღზე მუშაობას. ირანი უარყოფს, რომ მისი ბირთვული პროგრამა იარაღის წარმოებას ისახავს მიზნად. გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც ბირთვული შეთანხმების მონიტორინგს ახორციელებს, ირანის ქმედება შეთანხმების პირობებთან შესაბამისობაში მოდიოდა.

კვირას, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან "ირანი გამარჯვებული გამოვა".