ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი კორონავირუსით ოთხშაბათს გარდაიცვალა. ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი კი 200 000-ით გაიზარდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ახლა ქვეყანაში იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე პანდემიის რომელიმე სხვა ეტაპზე.
ასევე ნახეთ: მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები 60 მილიონს აღწევსოთხშაბათს 89 000-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა, ეს კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ექიმებს და ჯანდაცვის ექსპერტებს კი ამერიკაში მადლიერების დღის აღნიშვნა აშფოთებთ, რადგან ადამიანები, რომლებიც დიდ ჯგუფებად, დახურულ სივრცეებში შეიკრიბებიან ან იმოგზაურებენ, დაინფიცირების მეტი რისკის ქვეშ იქნებიან და ამ ინფექციის გავრცელებასაც ხელს შეუწყობენ.
ბევრ შტატში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა ან არსებული გამკაცრდა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეს შეზღუდვებიც დაიბლოკა, მაგალითად, უზენაესმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ნიუ-იორკის შტატის გადაწყვეტილება, რომ იმ ადგილებში, სადაც ვირუსი განსაკუთრებით აგრესიულად ვრცელდება, ეკლესიებში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულიყო.
ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება სამხრეთ კორეაშიც, ქვეყანაში, რომელიც ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ძლიერ დაზარალდა. ახლა ქვეყანაში ყოველდღე 500-მდე ახალი შემთხვევაა. მსგავსი მონაცემები მარტის დასაწყისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ხელისუფლებამ ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ზომები სულ რაღაც ერთი თვის წინ შეამსუბუქა. ეს ბოლო შეზღუდვები აგვისტოში ვირუსის გავრცელების გააქტიურების შემდეგ იყო დაწესებული. ამ კვირაში კი ხელისუფლებამ შეზღუდვები კვლავ გაამკაცრა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი ამერიკული ვაქცინის 160 მლნ დოზას მიიღებსრეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთშიც - 25 487 კოვიდ-დადებითი და გარდაცვლილი 524 ადამიანი ერთ დღე-ღამეში. სულ, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 2 მილიონ 200 ათასი კოვიდინფიცირებულია.
გერმანიაში დღეში 400-მდე ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ქვეყანაში 15 ათასი ადამიანია გარდაცვლილი. ხელისუფლებამ ნოემბრის დასაწყისში ბარ-რესტორნები და სპორტული დარბაზები დაკეტა. შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მსოფლიოში ამ დროისთვის 60 მილიონ 400 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსით და მასთან დაკავშირებული გართულებებით მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.