მოახლოვებული კონგრესის არჩევნების ფონზე "ჩაის სმის" მოძრაობის პოლიტიკური გავლენა გაიზარდა

ამერიკის რამდენიმე შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის წინასწარ არჩევნებში "ჩაის სმის" მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

შეერთებული შტატების პოლიტიკურ ასპარეზზე კონსერვატიული და ლიბერტარიანული აქტივისტების ტალღამ, რომელიც „ჩაის სმის“ მოძრაობის სახელით არის ცნობილი, სამშაბათს დელავერის შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის წინასწარ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. ეს უკანასკნელი მაგალითია იმისა, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტებმა წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი კანდიდატები დაამარცხეს. ახლა საკითხავი ისღა დარჩა დაამარცხებენ თუ არა „ჩაის სმის“ მოძრაობის კანდიდატები დემოკრატებს ნოემბერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებში.

კრისტინ ო’დონელი გამოცდილ რესპუბლიკელ კანდიდატს მაიკ კასლს სენატისთვის რესპუბლიკური პარტიის წინასწარ არჩევნებში ალბათ ვერ დაამარცხებდა. მაგრამ „ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტების დახმარებით და ალასკას შტატის ყოფილი გუბერნატორის სარა პალინის მხარდაჭერით ო’დონელმა ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოიყენა და გაიმარჯვა. წელს ამომრჩეველთა უკმაყოფილება რესპუბლიკური პარტიისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ო’დონელმა აღნიშნა:

„გასულ წელს ჩვენ რიგითი ამერიკელების უკმაყოფილება თვალნათლივ დავინახეთ. მე უბრალოდ გამიმართლა რადგან ხალხის მხარდაჭერა დავიმსახურე. მათ ხომ საკუთარი პოზიცია გუშინ საღამოს ნაღლად დააფიქსირეს.“

დელავერის გარდა „ჩაის სმის“ მოძრაობის მხარდამჭერებმა კოლორადოში, კონეკტიკუტში, კენტუკიში, ნევადასა და უტაში გამართულ წინასწარ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიეს.

რესპუბლიკელები გამოთქვამენ იმედს, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტების ენერგია და უკმაყოფილება ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში მათ გამარჯვებას მოუტანს.

იმ შემთხვევაში თუ რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში 39 ადგილი მოიპოვეს, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კონგრესმენი ოჰაიოს შტატიდან ჯონ ბეინერი გახდება.

„პირველად ჩემს ცხოვრებაში მე გავხდი მოწმე იმისა, რომ ამდენი ამერიკელი მათი მთავრობი საქმიანობით დაინტერესდა. დელავერის შტატის ამომრჩევლებმა საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირეს და მე ვფიქრობ, რომ ნოემბერში ამერიკელები საკუთარ სათქმელს ხმამაღლად იტყვიან,“ განაცხადა ბეინერმა.

მაგრამ დემოკრატებისთვის დელავერში გამართული წინასწარი არჩევნების შედეგები დამაიდებელი აღმოჩნდა. ამ მოსაზრებას თეთრი სახლის პრეს მდივანი რობერტ გიბსი იზიარებს.

„ვფიქრობ გასულ საღამოს ჩვენ დავინახეთ, რომ რესპუბლიკურ პარტიაში რესპუბლიკელი ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად ძალზედ ხმაურიანი დებატები გაჩაღდა,“ აღნიშნა გიბსმა.

„ჩაის სმის“ მოძრაობის მხარდამჭერებმა წელს რესპუბლიკური პარტიის წინასწარ არჩევნებში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდება 2 ნოემბერს, როცა „ჩაის სმის“ მოძრაობის კანდიდატები დემოკრატებს კონგრესის არჩევნებში დაუპირისპირდებიან.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ექსპერტი პიტერ ბრაუნი აღნიშნავს, რომ გამოკითხვებმა ცხადყო, რომ რვა ამერიკელი ამომრჩევლიდან ერთი „ჩაის სმის“ მოძრაობას ემხრობა.

ნიუ იორკში მდებარე ფორდამის უნივერსიტეტის პოლიტიკური ექსპერტი და ჟურნალ „კამპანიები და არჩევნები“ მთავარი რედაქტორი კოსტას პანაგოპულოსი აღნიშნავს, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის წევრების უკმაყოფილება და იმედგაცრუება ჭეშმარიტია. მისი თქმით:

„ვფიქრობ ამომრჩევლები არსებულ მდგომარეობასთან ისევე როგორც პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ჩემი აზრით, მოსახლეობაში საკმარისი უკმაყოფილება და იმედგაცრუება დაგროვდა და შედეგად ხალხს ‘ჩაის სმის’ მოძრაობის მიმართ დიდი ინტერესი გაუჩნდა.“

მაგრამ პანაგოპულოსი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის ზოგიერთ წევრს რესპუბლიკურ პარტიაში იდეოლოგიური სიწმინდის დაბრუნება ამოძრავებს.

„მათ კონგრესის არჩევნებში საკუთარი კანდიდატების წარდგენა სურთ, რომლებიც იდეოლოგიური თვალსაზრისით უფრო რადიკალურ შეხედულებებს ემხრობიან. მათ სულაც არ ადარდებთ ის, რომ შედეგად შეიძლება დემოკრატებმა გაიმარჯვონ რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ისეთმა კანდიდატმა მიაღწიოს წარმატებას, ვინც მათ მოსაზრებებს იზიარებს,“ დასძინა პანაგოპულოსმა.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ „ჩაის სმის“ ნამდვილი გავლენა მხოლოდ 2 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა შეერთებული შტატების ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილს და სენატის 37 ადგილს კენჭს ურყიან.