ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარისთვის ემზადებიან, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვის მიერ მეზობელი უკრაინის საზღვართან იარაღის ჟღარუნი მუქარაზე მეტია.
ამერიკის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ტერიტორიებთან "რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა" ფიქსირდება. მოსკოვის მკაცრი რიტორიკის პარალელურად კი, ვაშინგტონში ამბობენ, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, ამერიკის მხარდაჭერა კიევისადმი მტკიცეა.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს გამოიყენოს არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთის მავნებლურ ქმედებებს დაუპირისპირდეს. ჩვენ არ ვიყოყმანებთ მომავალში ამ თუ სხვა ინსტრუმენტების გამოსაყენებლად", - უთხრა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "ამერიკის ხმას" კონფიდენციალურად და განმარტა, რომ ამერიკა რუსეთს დეესკალაციისკენ, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებთან და 2020 წლის ივლისის დროინდელ მდგომარეობასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მაშინ, მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ძალადობისა და სამხედრო მობილიზების ყველაზე დაბალი ნიშნული დაფიქსირდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერიც ადასტურებს, რომ ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებთან და უკრაინასთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. ამ შეფასებებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეფონით ისაუბრეს ამერიკისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებმა. პენტაგონი ამბობს, რომ მხარეებმა ესკალაციისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე და ამისთვის კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, თუმცა სხვა დეტალებს ორივე მხარე, შეთანხმებისამებრ, საიდუმლოდ ტოვებს.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების შედეგად 100 000-მდე ჯარისკაცია შეკრებილი. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყანაზე კიდევ ერთ თავდასხმას იანვარში გეგმავს.