პომპეო: არჩევნებში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევის მცდელობა უნდა გამოვიძიოთ

ამერიკის პირველი დიპლომატი უარს ამბობს იმაზე, რომ უკრაინის მიერ ამერიკულ არჩევნებში ჩარევის ალბათობა გამორიცხოს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურების უმეტესობის მტკიცებით, რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ერეოდა.

მაიკ პომპეომ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი არსებობს რაიმე ტიპის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინამ არჩევნებში ჩარევა სცადა, ეს უნდა გამოიძიონ.

"ყოველთვის, როდესაც არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რომელიმე ქვეყანა ამერიკულ არჩევნებში ერეოდა, ჩვენ არათუ უფლება გვაქვს, არამედ ვალდებულებიც ვართ, რომ ამ ინფორმაციას მივყვეთ. მე ვიყავი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ამ ადმინისტრაციის პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ბევრი ქვეყანა იყო, რომელიც აქტიურად ცდილობდა ამერიკის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სხვა ფუნდამენტური საკითხების შესუსტებას", - განაცხადა პომპეომ.

პომპეოს თქმით, ამერიკამ არ უნდა დატოვოს "არც ერთი ამოუბრუნებელი ქვა" იმისთვის, რომ მისი არჩევნები დაიცვას.