რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ნიუტ გინგრიჩის დაწინაურებას სპეციალისტები იმით ხსნიან, რომ წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი მიტ რომნისთან შედარებით ბევრად უფრო კონსერვატიულია. ადრეული პრაიმერების შტატებში, აიოვაში და სამხრეთ კაროლინაში, გინგრიჩის უპირატესობა აშკარაა. მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო მარათონს რამდენიმე სექსუალურ სკანდალში გახვეული ჯორჯიელი ბიზნესმენი, ჰერმან კეინი, ჩამოშორდა, ყოფილი სპიკერის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა.
„უნაკლო კანდიდატი არც მე ვარ. მაგრამ ვამტკიცებ, რომ მიტ რომნიზე უფრო კონსერვატიული ვარ და ყველა დანარჩენ კანდიდატზე მეტად პოპულარული“ - აცხადებს ყოფილი სპიკერი.
მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის, მიტ რომნის, კამპანია ძირითადად ნიუ ჰემპშირის არჩევნებზეა კონცენტრირებული, რომელიც აიოვას პირველი პრაიმერიდან ერთ კვირაში ჩატარდება. რომნის საარჩევნო სტრატეგია არ ითვალისწინებს ყურადღების რესპუბლიკელ მეტოქეებზე გამახვილებას, არამედ ძირითადად პრეზიდენტ ობამას და მისი ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკაზეა აგებული.
“ობამა სანდომიანი კაცია. მაგრამ არა მგონია მან ამერიკა კარგად იცოდეს. არც ჩვენი ეკონომიკის ესმის. და ვერც თავისუფალი ხალხის ძალაუფლებას იგებს, იმ ხალხის, რომელსაც აქვს უფლება და ნება აირჩიოს საკუთარი ცხოვრების მთავარი კურსი“
-განაცხადა რომნიმ ფლორიდის შტატში გამართულ შეხვედრაზე.
სტიუარტ როტენბერგი დამოუკიდებელი პოლიტიკური გამოცემის „Rothenberg Political Report” რედაქტორი და გამომცემელია. ის თვლის, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის აგება პრეზიდენტ ობამას კრიტიკაზე შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. პოლიტოლოგი დიდი ხანია საპრეზიდენტო არჩევნებს თვალს ადევნებს.
“რესპუბლიკელთა წლევანდელი მარათონი ყველაზე ქაოტური და არაპნოგნოზირებადია, რაც კი როდესმე მინახავს. ის, ვინც გარკვევით ამბობს, რომ ესა თუ ის შედეგი მან წინასწარ იცოდა, უბრალოდ ცრუობს“ - ამბობს ის.
ბატონი როტენბერგის აზრით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: რესპუბლიკელთა დაახლოებით მეოთხედს მიტ რომნი მოსწონს, დანანრჩენს კი - არა. დარჩენილი სამი მეოთხედის აზრი განუწყვეტლად იცვლება. სატელევიზიო არხის „ეი-ბი-სის“ კორესპონდენტი მათეუ დოდიც აღნიშნავს, რომ მარათონი ძალზე ქაოტურია და ნომინანტის დასახელება გრძელი და გაურკვეველი პროცესი იქნება.
მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით რესპუბლიკელთა 60 პროცენტს ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია და მათ შეიძლება აზრი ბოლო მომენტში შეიცვალონ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს წლევანდელი არჩევნების გაურკვევლობაზე და მის ქაოტურ ხასიათზე.
არც პრეზიდენტ ობამას აქვს საქმე კარგად, აღნიშნავს ანალიტიკოსი როტენბერგი. შეერთებული შტატების ეკონომიკის რთული მდგომარეობა და ობამას დღევანდელი რეიტინგები იმის მომასწავებელია, რომ მას წინ რთული არჩევნები ელოდება. „პრინციპში საარჩევნო გარემოს მხრივ არაფერი შეცვლილა. ამერიკას ცვლილება დღეს ზუსტად ისევე სჭირდება, როგორც 2006, თუ 2008 წლებში“ - ამბობს ის.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 3 იანვრიდან ახალ ფაზაში შედის. პრაიმერების და რესპუბლიკელთა ნომინაციის დასახელების შემდეგ 6 ნოემბერს ამერიკელები შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ.