მიმომხილველები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ტყვეების გათავისუფლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშანია. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის მომავალი სამიტი რეგიონისა და მსოფლიოსთვის პოზიტიური მოვლენაა. თუმცა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა, რომ “ყველაფერი შეიძლება ჩაიშალოს“.
“ურთიერთობა, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრ აბესთან, პრეზიდენტ მუნთან და პრეზიდენტ შისთან გვაქვს, ვფიქრობ, თამაშობს როლს მიმდინარე მოვლენებში. დიდი მოლოდინი გვაქვს ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მომავალი შეხვედრისგან“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, შეხვედრის დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ამერიკელი ტყვეების გათავისუფლება ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური სვლაა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად დადებითი სიგნალებისა, მათ პოზიციებს შორის განსხვავებები დიდია.
„ჩვენ გრძელი გზა უნდა გავიაროთ, იმისთვის, რომ ეს დიპლომატიური წინსვლა ჩრდილოეთ კორეასთან რაიმე მდგრადში გადაითარგმნოს. იქნება ეს გრძელვადიანი მშვიდობა თუ ბირთვული განიარაღება“, - ამბობს პატრიკ კრონინი, ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრიდან.
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა და გათავისუფლებულ ამერიკელებთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდა.
კიმ ჩენ უნი სამიტის წინ ცდილობს კეთილგანწყობა აჩვენოს, ამბობს დარილ კიმბალი, „იარაღის კონტროლის ასოციაციიდან“. „ვფიქრობ მნიშვნელოვანია, თუ რას მიაღწევს ორი ლიდერი შეხვედრისას, რა სტრუქტურულ დიპლომატიურ პროცესს მოგვცემს ეს სამიტი. ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი იქამდე, სანამ ვიზეიმებთ. ვფიქრობ პრეზიდენტმა ტრამპმა ზეიმი ძალიან ადრე დაიწყო“, - ამბობს კიმბალი.
მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ დრომდე, დიპლომატიური მოლაპარაკებები ისევ საწყისს ეტაპზეა.