ამერიკამ „ქსელის ნეიტრალურობის“ რეგულაცია გააუქმა - რა ელის ინტერნეტზე თავისუფალ წვდომას?

"ქსელის ნეიტრალურობის" რეგულაციის გაუქმების საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში

შეერთებულმა შტატებმა გააუქმა რეგულაცია სახელწოდებით „ქსელის ნეიტრალურობა“. წინააღმდეგობრივი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს აჯიტ პაის ეკუთვნის, რამდენიმე თვე ფართო განხილვის საგანი იყო. კომისიამ მის წინადადებას ხუთშაბათს უყარა კენჭი და „ქსელის ნეიტრალურობის“ რეგულაციის გაუქმების გადაწყვეტილება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რეგულაცია პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდში, 2015 წელს შემოიღეს. ის ინტერნეტზე მომხმარებლების თანაბარი წვდომის გარანტიას იძლეოდა. „ქსელის ნეიტრალურობა“ ინტერნეტის წამყვანი მიმწოდებლების მომსახურებას არეგულირებდა, რათა მათ ხელში არ აღმოჩენილიყო ძალაუფლება, თავად გადაეწყვიტათ, თუ რომელი ვებგვერდი ყოფილიყო მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი და რომელი - ნაკლებად.

ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აჯიტ პაი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით დასრულდება ფედერალური მთავრობის მიერ ინტერნეტის „მიკრომენეჯმენტი“. თუმცა, რეგულაციის გაუქმების წინადადებამ მომხმარებლებში დიდი შეშფოთება გამოიწვია, გაიმართა ასობით საპროტესტო აქცია, კონგრესში თავის წარმომადგენელს მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაურეკა, რომლებიც აჯიტ პაის წინადადებას ეწინააღმდეგებოდნენ. მომხმარებელთა ჯგუფების ერთი ნაწილი იმუქრებოდა, რომ ცვლილების გატარების შემთხვევაში, ფედერალური კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივლებდა.

„ქსელის ნეიტრალურობის“ რეგულაციით რამდენიმე წლის წინ შეიზღუდა ტელეკომუნიკაციების ისეთი ცნობილი ამერიკული გიგანტები, როგორიცაა „კომკასტი“, „ვერაიზონი“ და „ეი-თი-ენდ-თი“. რეგულაციის დამტკიცებამდე, ისინი მომსახურებისთვის ან გადასახადებს აწესებდნენ, ან ბლოკავდნენ იმ ინტერნეტ-სერვისებს, რომელიც მათ არ მოსწონდათ. ამ შეზღუდვებს აჯიტ პაი არასაჭირო რეგულაციად მიიჩნევს და თვლის, რომ ინტერნეტის მიმწოდებლებს კონკურენტი კომპანიების აპლიკაციების დაბლოკვის, ან მათი შენელების უფლება აქვთ, ან სულაც იმ კომპანიების მომსახურების აჩქარება შეუძლიათ, რომელიც ამისთვის დამატებით საფასურს გადაიხდის. აჯიტ პაის აზრით, საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მიდგომა ინტერნეტით მომსახურების კომპანიებისთვისაც გამართლებულია.

რეგულაციების გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტიმ ბერნერს-ლი, ბრიტანელი ინჟინერი, რომელმაც ინტერნეტ-რესურსების ვებ-სისტემა (World Wide Web) გამოიგონა. მისი აზრით, „ქსელის ნეიტრალურობა“, ანუ ინტერნეტ-მომსახურების მომწოდებელთა მიერ ყველა მონაცემის თანაბარ პირობებში გავრცელება, ინტერნეტის იმ სახით არსებობის მთავარი პრინციპია, რა სახითაც ის დღეს ჩამოყალიბდა“.

ბრიტანელი გამომგონებელი თვლის, რომ ამიერიდან ინტერნეტით მომსახურების კომპანიების ხელში მოხვდება ძალაუფლება თავად გადაგვიწყვიტონ, თუ რომელ ვებგვერდზე გვექნება წვდომა და რომელზე - არა. შესაბამისად, ისინი გადაწყვეტენ, „რომელი კომპანია იქნება უფრო წარმატებული, ვის ხმას უკეთ გავიგონებთ და ვინ უნდა გაჩუმდეს“.

„ქსელის ნეიტრალურობის“ რეგულაციის გაუქმება მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლებს არ შეეხება. სპეციალისტების აზრით, ის გავლენას მოახდენს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე, სადაც ამერიკულ რესურსებს მოიხმარენ. მათ შორის, საუბარია „გუგლზე“, „ფეისბუქზე“, „ტვიტერზე“, „იუ-თუბზე“, „ინსტაგრამზე“, „ნეტფლიქსზე“, „ჯი-მეილზე“ და მრავალ სხვაზე. თუ აქამდე ინტერნეტი უფრო საჯარო სარგებლად მოიაზრებოდა და მიმწოდებლები ვალდებული იყვნენ ყველა ვებგვერდი მომხმარებლისთვის ერთნაირად მიეწოდებინათ, ახლა ეს პრინციპი იცვლება.

დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება. მომხმარებელთა და უფლებადამცველთა რამდენიმე ჯგუფი ითხოვს, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის დადგენილება შეერთებული შტატების კონგრესმა გააუქმოს და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მომავალში კონგრესის ერთობლივი რეზოლუციის საფუძველზე მოხდეს.