ამერიკაში 4 მეზღვაური მოკლეს

შეიარაღებულმა პირმა სამხედროებს მანქანით ჩაუარა და ორ სხვადასხვა ობიექტზე ცეცხლი გაუხსნა. მოკლულია 4 მეზღვაური და დაჭრილია ერთი ადამიანი.

გამოძიებათა ფედერალური ბიურო ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობდა ეჭვმიტანილი, რომელმაც ხუთშაბათს 4 ამერიკელი მეზღვაური მოკლა. ინციდენტი გუშინ ჩატანუგას სამხედრო ბაზის მახლობლად, ტენესის შტატში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა სამხედროებს მანქანით ჩაუარა და ორ სხვადასხვა ობიექტზე ცეცხლი გაუხსნა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით დამნაშავემ დაახლოებით 25-30 ტყვია გაისროლა და კიდევ ერთი მეზღვაური დაიჭრა. ჭრილობა უმნიშვნელო იყო და სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა ედ რეინჰოლდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე სამხილი, რომ ეჭვმიტანილ მუჰამად იუსუფ აბდულაზიზს კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდა. თუმცა, გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი წარმოშობით კუვეიტელი ამერიკის მოქალაქეა. 24 წლის აბდულაზიზი ჩატანუგას სამხედრო ბაზასთან ახლოს, ქალაქ ჰიქსონში ცხოვრობდა. ის საპასუხო სროლის შედეგად გარდაიცვალა.