20 წლის განმავლობაში ავღანეთში დაღვრილი ამერიკული სისხლი და დახარჯული სახსრები, შეერთებული შტატების სენატში ექვს საათიანი მოსმენით დასრულდა, სადაც ქვეყნის უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა აღიარა, რომ ომი “სტრატეგიული წარუმატებლობა” აღმოჩნდა და სავარაუდოდ, ამ ომში გამარჯვება შეუძლებელი იყო.
ასევე ნახეთ: პეტრეუსი: ავღანეთში დაუსრულებელი ომი არ დაგვისრულებია
კანონმდებლები იწონებდნენ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ომის დამთავრებას, მაგრამ გმობდნენ ომის ბოლო დღეებს, როგორც კატასტროფას. მოსმენის დროს ასევე კეთდებოდა ფრთხილი შეფასებები, შესაძლებელი იყო თუ არა რაიმე სხვაგვარად გაკეთებულიყო.
გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ ავღანეთის კამპანია ლოჯისტიკურად წარმატებული, მაგრამ სტრატეგიულად წარუმატებელი იყო. გენერალმა თქვა, რომ ომი სტრატეგიულად წარუმატებელი აღმოჩნდა, მტერი ქაბულს აკონტროლებს და ამის სხვაგვარად დახასიათება შეუძლებელია. მან იქვე დაამატა, რომ ჯარის გამოყვანა რა დროსაც არ უნდა მომხდარიყო, საბოლოო შედეგი იგივე იქნებოდა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალმა კენეტ მაკკენზიმ თქვა, რომ 2020 წელს დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ, რომლითაც ამერიკის გამოსვლა გახდა შესაძლებელი, ავღანეთის ძალებზე “ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი” იქონია და მისი ჩამოშლა დააჩქარა.
იმის გამო, თუ ამერიკის გამოსვლა როგორ მოხდა, სულ მცირე ორი რესპუბლიკელი სენატორი გენერალ მილის და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის გადადგომას მოითხოვს.
თუმცა, ზოგიერთმა დემოკრატმა ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია შეაქო, რომ ავღანეთში ამერიკის ძალისხმევა საბოლოოდ დაასრულა.
თუმცა, აღშფოთების უმეტესი წილი თეთრი სახლისკენ იყო მიმართული. რესპუბლიკელი სენატორები ბაიდენის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ და ზოგიერთმა მათგანმა მას ბრალი დასდო ამერიკელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, როდესაც გასულ თვეში ტელეარხ “ეი ბი სი”-ს უთხრა, რომ წამყვანმა მრჩევლებმა, ავღანეთში დაახლოებით 2500 ჯარისკაცის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს.
სამშაბათს, გენერალმა მილიმაც და გენერალმა მაკკენზიმაც კანონმდებლებს უთხრეს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის ადრეულ ეტაპზე, მათ ურჩიეს ავღანეთში 2500-დან 3500-მდე ჯარისკაცი დაეტოვებინათ, რადგან თალიბანი დოჰაში 2020 წელს მიღებული შეთანხმების ვალდებულებებს არ იცავდა.
თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ავღანეთიდან ევაკუაციის შესახებ კანონმდებლებს უთხრა, რომ ის იმდენად კარგად ჩატარდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო.
ოსტინი, მილი და მაკკენზი წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშეც წარსდგებიან.