სენატორები უკრაინის დახმარების შესახებ

სენატორი რონ ჯონსონი

დემოკრატებით დომინირებულმა შეერთებული შტატების სენატმა რამდენიმე დღის წინ კანონპროექტი მიიღო, რომლის მეშვეობითაც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს. პროცედურულად, სანამ ის ამერიკის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება, ხელი მოეწერება და კანონად იქცევა, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა დამტკიცდეს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

თუმცა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებული პრინციპული უთანხმოება, რაც ამერიკის სამხრეთის საზღვარზე წესრიგის დამყარებას უკავშირდება, არ დასრულებულა, რაც უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას აჭიანურებს. “ამერიკის ხმის” უკრაინულმა რედაქციამ დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რამდენიმე სენატორს მიმართა, რომლებიც შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ.

სენატორი რონ ჯონსონი (რესპუბლიკელი, ვისკონსინის შტატი)

"რეალური ვითარება ისაა, რომ რუსეთს ოთხჯერ დიდი მოსახლეობა ჰყავს და გაცილებით დიდი სამხედრო მანქანა გააჩნია, ვიდრე უკრაინას. ჩვენ კი ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ სადამდე მივაწვებით რუსულ დათვს, რათა სიტუაცია უფრო მეტად არ გავართულოთ. უბრალოდ, რეალობა უნდა ვაღიაროთ. არ მომწონს რეალობა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ის…

ვფიქრობ, შეგვეძლო, თავიდან აგვეცილებინა [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ] პუტინის უკრაინაში შეჭრა, თუ მას ძალას დავანახებდით, მაგრამ ამ ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკა დაესუსტებინა. ომი ნავთობის წინააღმდეგ, გახსნილი საზღვარი, სამარცხვინო და სახიფათო დანებება უკრაინაში. ამ ყველაფერმა ამერიკა დაასუსტა და პუტინის მსგავსი ხალხი გაათამამა. შედეგად, ის უკრაინაში შეიჭრა. არ არსებობს სტრატეგია, თუ როგორ უნდა დავასრულოთ ეს ამბავი. მინდა, ვიცოდე, რა მოხდა სტამბოლში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას, სადაც, როგორც ჩანს, ბორის ჯონსონი ჩაფრინდა და მოლაპარაკებები შეწყდა. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ეს ამბავი და არა იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ დაძაბულობის ხელშეწყობა…

ასევე ნახეთ: პრეზიდენი ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს

ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, როდესაც ბაიდენი კონგრესში [5 მარტს] გამოვა. ვიმეორებ, ვერ ვხედავ ადმინისტრაციის სტრატეგიას, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. ვფიქრობ, ბაიდენი დამარცხდა. მან ვერ აიცილა [უკრაინაში] შეჭრა. მან უკრაინას ადრევე არ მიაწოდა დახმარება, რომელიც, შესაძლოა, რუსეთს შეაკავებდა. ეს ადმინისტრაციის საშინელი მარცხია. ვიმეორებ, დამნაშავე ვლადიმირ პუტინია. ის ბოროტი სამხედრო დამნაშავეა, მაგრამ როგორც ვთქვი, რეალობა უნდა ვაღიაროთ...

გამოვხატავ თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ. როგორც გახსოვთ, [სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში] ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. უკრაინაში ბევრჯერ ვყოფილვარ. ვფიქრობ, ზელენსკის გულწრფელად სურდა კორუფციის დამარცხება, პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მაგრამ მიზეზთა გამო დღეს ეს ვითარება გვაქვს. მაშფოთებს უკრაინელი ხალხის მდგომარეობა, ის, რაც მათ ქვეყანაში ხდება, ყოველდღე კიდევ რამდენი მათგანი დაიღუპება და როგორ განადგურდება ქვეყანა, თუ ეს სისხლიანი ომი გაგრძელდა. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და დავასრულოთ ეს ამბავი".

სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატი, კონექტიკუტის შტატი)

"უკრაინიდან სამი დღის წინ დავბრუნდი. ლვოვში, საკონფერენციო მაგიდასთან, პრეზიდენტ ზელენკის გადაღმა ვიჯექი. მის თვალებში ფოლადისებრი სიმტკიცე დავინახე და ამავე დროს, ალბათ, გულისტკივილიც, რომ დაპირების მიუხედავად, შეერთებული შტატები, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს სანდო მოკავშირე. ვფიქრობ, ჩვენი მორალური ვალია და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიც ამას გვკარნახობს, რომ აღმოვუჩინოთ გადაუდებელი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, რომელსაც ის სასიცოცხლოდ სჭირდება და რის გარეშეც უკრაინა დამარცხდება…

პუტინი გაიმარჯვებს, თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის მორალურ და პოლიტიკურ ვალდებულებას და არ დაიცავს ჩვენს საკუთარ ინტერესებს. ჩვენს ჯარისკაცებს რომ არ მოუხდეთ ბრძოლაში სისხლის დაღვრა, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომელიც ახლა ღვრის სისხლს".