აშშ-ში ტერორისტულ საფრთხეზე განგაშია

ამერიკელი კანონმდებლები ტერორისტული საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ობამას ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ

Your browser doesn’t support HTML5

ტერორიზმის საფრთხე


შეერთებული შტატების კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ამერიკის 19 საელჩოს და საკონსულოს დროებით დახურვა, ასევე მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებული გაფრთხილების გაკეთება, ტერორისტთა მუქარის საპასუხოდ საგანგებო და სათანადო რეაქციას წარმოადგენს.


რესპუბლიკელები ხშირად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებებს. თუმცა მაშინ არა, როდესაც საელჩოების დახურვას და ტურისტების მისამართით მოგზაურობასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას ეხება საკითხი. წარმომადგენელთა პალატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა მაიკლ მაკაუელმა სი-ბი-ესის ეროვნული ტელევიზიით გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრა.


მაიკლ მაკაუელი: მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დიპლომატიური მისიების დახურვის შესახებ გონივრული გადაწყვეტილება იყო.


მაკაუელის თქმით, ამერიკის ხელისფლების ქმედებებმა შეიძლება ტერორისტებს თავიანთი გეგმებიც შეუცვალოს.


წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი პიტერ კინგი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის ქმედებებმა ალ- ყაიდას მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების მინიმუმადე დაყვანა უნდა შეძლოს.


პიტერ კინგი: ეს საგანგაშო სიგნალია. ალ- ყაიდა ახლა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 11 სექტემბერს. მან მუტაცია განიცადა და გავრცელდა და შეიძლება სხვადასხვა გზებით მოვიდეს ჩვენამდე. სავარაუდოდ, არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდა სხვა მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებთან შედარებით ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს.


კინგმა ცოტა ხნის წინ ეი-ბი-სის სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა. ასევე საინტერესო იყო კომიტეტის სხდომაზე დემოკრატი კონგრესმენის დაჩ რუპერსბერგერის გამოსვლაც. მან განაცხადა რომ ლიბიაში, ბენღაზიში მდებარე შეერთებული შტატების საკონსულოზე გასულ წელს განხორციელებული თავდასხმა აღარ უნდა განმეორდეს.


დაჩ რუპერსბერგერი: ცუდია, ის რაც მოხდა ბენღაზიში. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენთვის და ვიმოქმედოთ ისე, რომ ამერიკელების უსაფრთხოება ყველაზე დიდი პრიორიტეტი იყოს. ამიტომ უსაფრთხოების დაცვის ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა.


საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მდივანმა მაიკლ ჩერტოფმა განაცხადა, რომ ამერიკის შესაძლებლობები ომის და ტერორისტული საქმიანობის სფეროში გლობალური კომუნიკაციების კონტროლის მხრივ ყველაზე საკვანძო საკითხია.


მაიკლ ჩერტოფი: ჩვენ ვისმენთ რომ ცუდი ბიჭები რაღაცის გაფუჭებას აპირებენ. მათი მიზანია რომ მათი საუბარი საეჭვო არ იყოს. მათ ჯერ არ უსაუბრიათ კონკრეტულ სამიზნეზე და მდებარეობაზე. და სწორედ ამიტომ ვიღებთ ასეთ აშკარა გაფრთხილებას.


მისივე თქმით, ვიდრე საზღვარგარეთ ალ-ყაიდას მოქმედებების დაკვირვება მიმდინარეობს , შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ასევე მუშაობენ ქვეყნის შიგნით შესაძლო ტერორისტული გააქტიურების თაობაზე, რომელიც კავშირში შეიძლება იყოს ბოლოდროინდელ განგაშთან დაკავშირებით.