შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ხუთი წევრი, პარასკევს ტაივანს ხანმოკლე ვიზიტით ეწვევა. ტაივანის ახალი ამბების ცენტრალურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი ამ კუნძულის თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები იქნება.
ასევე ნახეთ: ტაივანის პრეზიდენტი ჩინეთის გამო თავდაცვის გაძლიერების პირობას დებს
ტაივანში ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც ჩინეთმა გააძლიერა ტაივანზე სამხედრო და პოლიტიკური წნეხი, რათა ამ კუნძულზე საკუთარი სუვერენიტეტის პრეტენზიები განამტკიცოს. ჩინეთის ქმედებები გაღიზიანებას იწვევს ტაიპეიში, სადაც მთავრობამ პირობა დადო, რომ ტაივანის თავისუფლებას და დემოკრატიას დაიცავს.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან მარკ ტაკანო, კონგრესის ვეტერანთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე და კოლინ ოლრედი, ელისა სლოტკინი, სარა ჯეიკობსი და ნენსი მეისი. დელეგაცია ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენსაც შეხვდება.
ტაივანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ტაიპეიში აშშ-ს დე-ფაქტო საელჩოს კი კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
ხუთი კანონმდებელი ამჟამად მადლიერების დღესთან დაკავშირებული ვიზიტით, აღმოსავლეთ აზიაში იმყოფება და იაპონიას და სამხრეთ კორეას სტუმრობს. ამ თვის განმავლობაში, ეს ტაივანში კანონმდებლების მეორე ვიზიტი იქნება.
ასევე ნახეთ: ლიეტუვა-ჩინეთს შორის ურთიერთობა ტაივანის გამო გართულდა