არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. ოფიციალური პირები ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ ღონისძიებისთვის, რომელიც ასეთი საზეიმო ღონისძიებისთვის დამახასიათებელი ხალხის დიდი თავშეყრის გარეშე გაიმართება.
სამართალდამცავები ამბობენ, დარწმუნებულნი არიან, რომ 20 იანვრის ღონისძიების დროს უსაფრთხოებას შეინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში და ქვეყნის სხვა ნაწილებში შესაძლო ძალადობრივი ქმედებების შესახებ გაფრთხილებები ისმის.
ეროვნული გვარდიის ბიურომ განაცხადა, რომ 7 ათასი გვარდიელი უკვე ქალაქშია და მათი რიცხვი იზრდება. ქალაქში 21 ათასი გვარდიელის განლაგებაა დაგეგმილი. გვარდიელებს მხარს ასობით ფედერალური აგენტი, ადგილობრივი და შტატის პოლიციელი დაუჭერს. ოთხი წლის წინ, ტრამპის ინაუგურაციისთვის, ეროვნულმა გვარდიამ ქალაქში 8 ათასი ჯარისკაცი განალაგა.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ხელისუფლების მოწესრიგებული გადაცემისთვის და უსაფრთხო ინაუგურაციისთვის” ყველაფერს გააკეთებს. “ამერიკელი ხალხი კი ამაზე ნაკლებს არ იმსახურებს”, დაამატა პენსმა.
პენსი ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს, ტრამპი კი მას არ დაესწრება და იმ რამდენიმე პრეზიდენტის სიას დაემატება, რომლებიც თავისი მემკვიდრეების ინაუგურაციას არ დაესწრნენ.
უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტო დონეზეა. გამოძიების ფედერალური ბიურო გაფრთხილებას ავრცელებს, რომ ამ უქმეებიდან, ვაშინგტონში და ორმოცდაათივე შტატის დედაქალაქებში შეიარაღებული პროტესტებია მოსალოდნელი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს გაფრთხილების საპასუხოდ, უსაფრთხოების ზომებს შტატებიც აძლიერებენ.