ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა პერზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ვიდეო-აპლიკაციის "ტიკ-ტოკის" დაბლოკვის შესახებ.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად, აკრძალვა კვირას უნდა ამოქმედებულიყო. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებისგან დაცვის მიზნით ხსნიან.
მოსამართლემ "ტიკ-ტოკისა" და ადმინისტრაციის ადვოკატებს დრო ოთხშაბათამდე მისცა, იმისთვის, რომ შეხვდნენ და ამ საქმეზე სამომავლო პროცედურებზე შეთანხმდნენ. "ტიკ-ტოკის" იურისტები კვირას გამართულ მოსმენაზე ამბობდნენ, რომ აპლიკაციის დაბლოკვა მათი მომხმარებლების სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს და ამასთან, კომპანიას შეუქცევად ფინანსურ ზიანს მიაყენებს.
ვაჭრობის დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონს და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესებს, რადგან აკრძლვის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების ხელში უზომოდ დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის აღმოჩენის რისკია. ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი აპლიკაციის "We Chat"- ის დაბლოკვის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა გასულ კვირას სასამართლომ ეს ბრძანებაც შეაჩერა.
ჩინეთი უარყოფს, რომ ეს აპლიკაციები ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებით საფრთხეს წარმოადგენენ და ამავე დროს შეერთებულ შტატებს ჩინური ბიზნეს-კომპანიების შევიწროვებაში ადანაშაულებს.