ისრაელის პრემიერი ვაშინგტონს ეწვევა

ისრაელის პრემიერი ვაშინგტონს ეწვევა

ისრაელის პრემიერი ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის განმავლობაში შეეცდება პრეზიდენტ ობამას თავისი ქვეყნის ახალი საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ესაუბროს. არაბულ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური ძვრები და პალესტინის მხრიდან წნეხის გაზრდა ისრაელის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, მეზობელ არაბულ ქვეყნებში ჯერ კიდევ გაურკვეველი მდგომარეობაა. თუმცა, ისინი წინასწარ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში რეგიონში შედარებით უფრო მტრულად განწყობილი ძალები მოდიან.

ორშაბათს ებრაელ კანონმდებლებთან საუბარში პრემიერმა ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე გარდამავალი პერიოდი ისრაელისთვის თანდათან უფრო პრობლემატური ხდება. ისრაელის ლიდერის თქმით, ყველაფერ იმის უკან, რაც ეგვიპტეში, სირიაში და ლიბიაში ხდება, ჰეზბოლა დგას, რომელსაც ზურგს ირანის სახელმწიფო უმაგრებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კვირას ათასობით პალესტინელის დემონსტრაცია ისრაელის საზღვართან მის ტერიტორიაზე შეჭრისკენ და მისი სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მოუწოდებდა.

პროტესტის ორგანიზატორებმა ფეისბუქის და სხვა სოციალური მედიის საშუალებებით მასიური დემონსტრაციები მოაწყვეს. გამომსვლელთა შორის პალესტინელი ლტოლვილებიც იყვნენ, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე წინაპართა სახლებში ითხოვენ დაბრუნებას.

პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელს პალესტინასთან მშვიდობა სურს და წინაპირობათა სიასაც კი აქვეყნებს. არცერთი მათგანი პალესტინელებისთვის არანაირ შეღავათს არ შეიცავს. პრემიერი კვლავ სამ მთავარ პირობაზე საუბრობს: პალესტინამ უნდა აღიაროს ისრაელი, როგორც ებრაელთა სახელმწიფო; იერუსალიმი უნდა იყოს ებრაელთა ერთიანი და ერთადერთი მმართველი და პალესტინის სახელმწიფო განიარაღებულ უნდა იქნას.

ისრაელის ლიდერი ასევე არ თანხმდება ქვეყნის ტერიტორიაზე პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნებას, რადგან, მისი თქმით, ეს ისრაელის სახელმწიფოს არსებობას უქმნის საფრთხეს.

„მზად ვარ ვაღიარო პალესტინის სახელმწიფო, მაგრამ არ ვარ მზად ვაღიარო იგი ჩემი ქვეყნის ნაცვლად“, - განაცხადა პრემიერმა ნეთანიაჰუმ. ის ასევე უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე პალესტინელებთან, რომელშიდ ჰამასი მიიღებს მონაწილეობას. ჰამასს შეერთებული შტატებიც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ისრაელის ლიდერთან ერთად ვაშინგტონში პალესტინის ოფიციალური პირებიც არიან მიწვეულნი. შეერთებულ შტატებში ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

"შეთანხმება აუცილებელია. და ის ორმხრივი უნდა იყოს. როგორ უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას ისრაელთან, რომელიც მხოლოდ მათ ინტერესებს დაიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე? ეს გაუგ,ონარია. სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოხდეს, ოღონდ ორმხრივი დათმობების გზით,“ - აცხადებს პალესტინის ოფიციალური წარმომადგენელი.

პალესტინა სექტემბრისთვის ემზადება, როცა ის პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხის განხილვაში გაეროს მხარდაჭერას ელოდება. ისრაელი საერთაშორისო არენაზე ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სამშვიდობო ხელშეკრულებამდე არ მოხდეს. პრემიერ ნეთანიაჰუს საკუთარი ოპოზიცია სასწრაფო სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. მისი ურთიერთობა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციასთანაც საკმაოდ დაძაბულია.