ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ვიზიტს ამთავრებს

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ამერიკელ კანონმდებლებს და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდება. ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ვიზიტს ამთავრებს, რომლის ძირითადი მიზანიც ამერიკა-ისრაელის საერთო მიდგომის შემუშავება იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

გუშინ თეთრ სახლში ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას მოუწოდა, რომ გადაწყვეტილება ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მოინახოს.

თუმცა ნეთანიაჰუმ არაერთხელ გაუსვა ხაზი ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და პრევენციის მიზნით სამხედრო ოპერაცია განახორციელოს. მოგვიანებით ამერიკა-ისრაელის ურთიერთობების კომიტეტთან, იგივე აპეკთან, შეხვედრისას, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის აფასებს ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, თუმცა დაამატა, რომ მხოლოდ საქნქციები ირანის ბირთვულ პროგრამას ვერ აფერხებს. მისი თქმით:

„მეგობრებო, ისრაელი მოთმინებით ელოდა მსოფლიოს გადაეჭრა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი დიპლომატიური გზით, სანქციების დაწესებით. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ მივცემთ მეტის ლოდინის უფლებას.“