რუსეთი და ჩინეთი კვლავ ვაშინგტონის გავლენის შემცირებას ეცდებიან - აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის დაზვერვის ლიდერები სენატში, 2019 წ.

კოვიდ-19-ის გლობალურმა პანდემიამ ამერიკის მეტოქეებს ხელი არ შეუშალა, რომ მათი სამიზნე კვლავ შეერთებული შტატები იყოს. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურების ახალ ანგარიშშია საუბარი.

ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა 27-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც საჯარო გამოქვეყნებისთვის განსაზღვრული, ლიმიტირებული ინფორმაციაა შეტანილი. ამასთან, დაზვერვის ოფიციალური პირები მიმდინარე წლის განმავლობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უმთავრესი გამოწვევების შესახებ ამერიკელი კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებენ.

ასევე ნახეთ: მსოფლიო მომდევნო 20 წელიწადში - ამერიკული დაზვერვის ანგარიში


ანგარიშის თანახმად, პეკინი "განაგრძობს ყოვლისმომცველ სამთავრობო ძალისხმევას იმისთვის, რომ გაავრცელოს საკუთარი და შეასუსტოს ამერიკის გავლენა მსოფლიოში, გაამწვავოს დაპირისპირება ვაშინგტონსა და მის პარტნიორებს შორის და ასევე წაახალისოს ის ახალი საერთაშორისო ნორმები, რომლებიც ჩინეთის ავტორიტარული სისტემისთვის სასარგებლოა". ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ჩინეთისგან უფრო მეტად აგრესიული ქმედებებია მოსალოდნელი იმისთვის, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდეს. მზარდ კონკურენციას ვაშინგტონთან, შემფასებლების აზრით, ემატება სამხედრო არსენალის გაძლიერებაც.

თუმცა ჩინეთთან ერთად, ანგარიში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ასევე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ძალისხმევას.

რუსეთი

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთიც კვლავ მონდომებით ცდილობს ამერიკის გავლენის შესუსტებას და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაფუჭებას. ამერიკის მიმართ კი მოსკოვს "კბილი კბილის წილ" მიდგომა აქვს.

"რუსეთის ოფიციალურ პირებს დიდი ხანია სჯერათ, რომ ამერიკა თავად აწარმოებს საკუთარ "გავლენის ოპერაციებს" რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად, პრეზიდენტ პუტინის დასასუტებლად და დასავლეთისადმი მეგობრულად განწყობილი მმართველობის, რეჟიმების შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ყველგან, სხვაგან", - ვკითხულობთ სადაზვერვო ანგარიშში.

ასევე ნახეთ: ომი კიბერსივრცეში - "ციფრული პერლ ჰარბორი"

ამავე შეფასებებით, რუსეთი ცდილობს, რომ ამერიკა შეეგუოს რუსეთის მიერ ე.წ. "გავლენის სფეროდ" მიჩნეულ ტერიტორიებზე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაზე ერთგვარ პრეტენზიას. ამასთან, ექსპერტების თქმით, შეშფოთება კვლავ არსებობს რუსეთის არსენალთან დაკავშირებითაც. "რუსეთი კვლავ რჩება უდიდესი შესაძლებლობების მქონე, მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელ მოწინააღმდეგედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლო მომავალში", - ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის წარმომადგენლები ირანისგან არსებულ საფრთხეებსაც აფასებენ და ამბობენ, რომ მცირეა იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ, ირანი მოქმედებების კურსს შეცვლის. ანალიტიკოსების აზრით, ირანი სავარაუდოდ კვლავ სარისკო ნაბიჯებს გადადგამს, რამაც შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს და ამერიკისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს საფრთხე შეუქმნას.

დაზვერვის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "ყურადღების მიპყრობას" კვლავ შეეცდება ჩრდილოეთ კორეაც. მისმა ლიდერმა კიმ ჩენ უნმა შესაძლოა არაერთი აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია შეცვალოს და ამერიკასა და მოკავშირეებს შორის დაპირისპირება შეიტანოს.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გლობალურ საფრთხეებს შორის მეტოქე ქვეყნებთან ერთად, ასევე დასახელებულია ტერორიზმი და კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენა.