აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა, ბაიდენის თეთრი სახლის კანცელარიის უფროს რონ კლეინს წერილობით სთხოვა ინფორმაცია საიდუმლო დოკუმენტების ძებნის შესახებ, რომელიც ბაიდენის ვაშინგტონის ოფისში და ბაიდენის სახლში მიმდინარეობდა. ამასთან ერთად ითხოვა იმ პირების სია, ვინც მის სახლს მას შემდეგ ეწვია, რაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა.
კომერის თხოვნა, ბაიდენის თანაშემწეების მიერ მის სახლში საიდუმლო მასალების კიდევ ხუთი ფურცლის აღმოჩენიდან მეორე დღეს გამოჩნდა. უფრო ადრე გამოცხადდა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის სხვა საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს მისი სახლის ავტოფარეხში და ვაშინგტონის ოფისში, რომელსაც ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვამდე ხანდახან იყენებდა.
ასევე ნახეთ: აღმოჩენილია პრეზიდენტობამდე ბაიდენის კუთვნილი საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტიაბაიდენის ოფისში ან სახლში სულ 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. მათ შორის ზოგიერთი, ნოემბრის დასაწყისში, კონგრესში უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების წინ იპოვეს, თუმცა ეს თეთრმა სახლმა გასულ კვირამდე არ აღიარა. ყველა დოკუმენტი ეროვნულ არქივს და ჩანაწერების ადმინისტრაციას გადაეცა, როგორც ამას კანონი მოითხოვს, როდესაც პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები თანამდებობას ტოვებენ.
კომერმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ბაიდენს დანაშაულში ბრალს არ დებს, მაგრამ იქვე დაამატა: „ბაიდენის ადმინისტრაციას ბრალს გაუმჭვირვალობაში ვდებ“, იმის გამო რომ საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენა არ დაადასტურეს, სანამ ამის შესახებ „სი-ბი-ესმა“ არ გამოაცხადა. ტელეკომპანია "სი-ბი-ესი" იყო პირველი, ვინც ინფორმაცია პრეზიდენტ ბაიდენის ოფისში მდებარე საიდუმლო დოკუმენტების თაობაზე, საჯარო გახადა.
„აქ დიდი ფარისევლობაა“, თქვა კომერმა ბაიდენის მხრიდან ტრამპზე თავდასხმებზე, რაც მის დოკუმენტებს შეეხებოდა, და შემდეგ საკუთარი დოკუმენტების შესახებ ამბის არდადასტურებაზე, სანამ არჩევნებიდან კვირები არ გავიდა, რადგან ამ ამბავს არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეეძლო.
„პრეზიდენტ ტრამპზე მეტად არავინ გამოუძიებიათ, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი არავის გამოუძიებია,“ უთხრა კომერმა „სი-ენ-ენს“.
გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ორი საგანგებო პროკურორი დანიშნა, ერთი - ტრამპის დოკუმენტების და მეორე ბაიდენის დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად.