სააგენტო "როიტერი" ექსკლუზიურ მასალაში იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა, სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო, თურქეთთან სამხედრო დრონების პროგრამა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში, ნატოს მოკავშირეებს შორის გაჩენილ ბზარზე მიუთითებს.
"როიტერის" მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, დრონებს ანკარის დაზვერვა ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ იყენებდა. ორგანიზაციას როგორც თურქეთი, ასევე ამერიკა ტერორისტულ დაჯგუფებად თვლის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დაზვერვის თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.
როდესაც დრონების პროგრამის თაობაზე პენტაგონის პრესსპიკერს ჰკითხეს, ის შემდეგი განცხადებით შემოიფარგლა: "ჩვენ თურქეთს ათწლეულების მანძილზე ვუჭერდით მხარს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ბრძოლაში. ეს რაც შეეხება პოლიტიკას. ოპერაციების საკითხებზე კი ჩვენ დეტალებს არ ვიძლევით". ინფორმაცია "როიტერთან" თურქეთის ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.
ცნობა პროგრამის შეჩერების შესახებ, საინფორმაციო სააგენტოს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის შენარჩუნების პირობით მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დრონების გაშვება თურქეთის ბაზიდან ერაყის ჩრდილოეთით მდებარე მთის რეგიონებში ხდებოდა, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.